20 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მეტროში ჭერის ჩამონგრევისას დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

„14-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები. საბედნიეროდ, არცერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე, კრიტიკული არ არის, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ - ეს განცხადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჩამონგრეული ჭერის შედეგად დაშავებული მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას გააკეთა.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჩამონგრეული ჭერის შედეგად სულ 14 მგზავრია დაშავებული. ყველა მათგანი ჰოსპიტალიზირებულია და ისინი ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩებიან. მათ ნაწილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ნაწილს კი ამ წუთებში უტარდება. 

დაშავებულები 4 სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს, რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ინგოროყვას კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს რამდენიმე დაშავებული.

დავით სერგეენკო აცხადებს, რომ დაშავებული 14 ადამიანიდან მძიმე მდგომარეობა არცერთს არ აქვს.

„მათ სხვადასხვა ტიპის ჩარევები დასჭირდათ, ასეთი ტრავმების შემდეგ რამდენიმე საათი მინიმუმ სტაციონარში უნდა იყვნენ. საყოველთაო ჯანდაცვა აფინანსებს ასეთ გადაუდებელ მდგომარეობებს,“ - აცხადებს დავით სერგეენკო.

გადაუდებელი დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი, თეონა ხუჭუა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ პაციენტს ლავიწის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება და მას ოპერაცია ესაჭიროება.

„კვლევები დასრულდება, დაახლოებით ერთ საათში. შემდგომში გადავწყვეტ პაციენტები რამდენად საჭიროებენ სტაციონარიზაციას და ამის შემდეგ იქნება ცნობილი, რამდენ ხანში დატოვებენ თუ დარჩებიან კლინიკაში,“ - განაცხადა თეონა ხუჭუამ. 

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმატოლოგი, კონსტანტინე მუმლაძე აცხადებს, რომ კლინიკაში შესულებს თავის ტვინის შერყევა, გულ-მკერდის დახურული ტრავმები და ქვედა კიდურების მოტეხილობები აქვთ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები