30 დეკემბერი 2024,   22:12
ვრცლად
ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა პოლონეთიდან გაავრცელა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ცვლილებები და აცხადებს, რომ ყველამ ძველი წყენა უნდა დაივიწყოს.

„ქართველები დაბადებული ვართ იმისთვის, რომ ვიყოთ თავისუფლები. ჩვენი წარმატება, ჩვენი ღირსება ყოველთვის არის ჩვენს თავისუფლებაში. თავისუფლება არის ძალიან, ძალიან ძვირფასი და არის მსხვრევადი. ახლა ჩვენი თავისუფლება არის ისევ საფრთხის ქვეშ. საქართველო მაგონებს ველოსიპედს, სადაც პედლები სწრაფად ტრიალებდა, სწრაფად მივდიოდით წინ, პედლები აღარ ტრიალებს, რაღაც პერიოდით ინერციით წავედით წინ, ველოსიპედმა დაიწყო გადახრა, შეაჩერა, შენელდა და შეიძლება, წაიქცეს და გადაიჩეხოს. იმისთვის, რომ არ გადავიჩეხოთ, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად. ეს ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ მისი მარწუხები და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით, მხოლოდ ერთად დგომით, მხოლოდ ძველი წყენების დავიწყებით,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველო ნომერ პირველი რეფორმატორი იყო.

„გული მტკივა, როცა ვხედავ მის დამცირებულ მდგომარეობას, გული მტკივა, როცა ვხედავ, როგორ დასცინიან ჩვენს ხალხს. ჩვენ კვლავ გავხდებით მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქვეყანა. ბევრად უფრო სწრაფად, ბევრად უფრო შინაარსიანად, ბევრად უფრო ქმედითად წავალთ წინ. ჩვენ გამოვალთ ამ გაჭირვებიდან. გადავლახავთ ამ პრობლემებს. ჩვენ დავასრულებთ უიმედობას და საქართველო დაიბრუნებს თავის ბრწყინვალებას. საქართველო ისევ გახდება უმაგრესი ქვეყანა მთელ მსოფლიოში. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები