30 დეკემბერი 2024,   22:02
ვრცლად
ნათესავებზე გაცემული სოციალური დახმარება - ანტიკორუფციული სამსახური სიღნაღის მერიაში დოკუმენტაციას სწავლობს

ერთსა და იმავე პირზე სოციალური დახმარების რამდენჯერმე გაცემის შემდეგ ანტიკორუფციული სამსახური სიღნაღის მერიაში დოკუმენტაციას სწავლობს. სანამ ქალაქის მერი პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, მისი თანამშრომლები ნათესავებზე სოციალურ დახმარებებს გასცემდნენ.

კომისიის მდივანმა, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ერთჯერადი დახმარების გაცემა წელიწადში ერთხელ ევალებოდა, ერთსა და იმავე პირზე 100 ლარიანი დახმარება რამდენჯერმე გასცა. პირი, რომელსაც სახელმწიფო უნდა დახმარებოდა სიღნაღის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის ოჯახის წევრია და სოციალურად დაუცველი არ არის.

მივლინებიდან დაბრუნებულმა მერმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს მიმართა. უკვე ორი დღეა, უწყება კომისიის ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს. ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა ინფორმაცია წინა გამგებლის პერიოდში ფინანსურ ტრანზაქციებზეც გამოითხოვა.

ანტიკორუფციულ სამსახურში ჯერჯერობით არ დაუბარებიათ კომისიის მდივანი, რომელიც, სავარაუდოდ, ფინანსურ სქემას ხელმძღვანელობდა. ნათია პაპუაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერა, თუმცა კორუფციულ სკანდალზე განმარტებების გაკეთება არ ისურვა. პაპუაშვილის დედა კი მომხდარს ტექნიკური შეცდომით ხსნის.

სიღნაღის მერიაში არსებულ კორუფციულ სქემაზე ოპოზიცია საუბრობს. „ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი დახმარებების დატაცების საქმის უკან მერიის მაღალჩინოსნები დგანან.

 

ავტორი: ია გულიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები