30 დეკემბერი 2024,   21:53
ვრცლად
სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა, გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს - 34 წლის ქალს პროკურატურა ცრუ დასმენას ედავება

სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი, შესაძლოა, გისოსებს მიღმა ცრუ დასმენის ბრალდებით აღმოჩნდეს. 34 წლის ქალს პროკურატურა ცრუ დასმენას ედავება. თამარ ბეკარაშვილი ამტკიცებს, რომ ყოფილმა ქმარმა დაზიანებები იმ დროს მიაყენა, როდესაც მეუღლის სახლში მცირეწლოვანი შვილის წამოსაყვანად მივიდა. ძიება საქმეზე თავდაპირველად ყოფილი პოლიციელის მიმართ, ცოლზე განხორციელებული ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა რამდენიმე თვეში გამოძიება ქალის წინააღმდეგ გაგრძელდა.

ყოფილი ცოლ-ქმრის ჩხუბს ესწრებოდა თამარ ბეკარაშვილის დედაც, რომლიც ამტკიცებს, რომ დაპირისპირების დროს სიძე ფიზიკურად მასაც გაუსწორდა.

დაპირისპირებიდან რამდენიმე საათში, ყოფილი პოლიციელი ნიკოლოზ ყოლბაია კრიმინალურმა პოლიციამ ბრალდებულის სტატუსით დააკავა და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა. თუმცა, თამარ ბეკარაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ის 16 საათის შემდეგ ისე გაათავისუფლეს, რომ ბრალის დადგენილება ოფიციალურად არც კი გაუცნიათ. თამარ ბეკარაშვილი ვარაუდობს, რომ ყოფილი პოლიციელის გათავისუფლება გავლენიანი ნაცნობების ჩარევის შედეგად მოხდა.

რადიკალურად განსხვავებულად ყვება დაპირისპირების შესახებ თამარ ბეკერაშვილის ყოფილი მეუღლე. ყოფილი პოლიციელი დეტალურად ყვება, როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად ცოლი და სიდედრი და რა სახის დაზიანებები მიაყენეს. ნაკაწრები მის სხეულზე ექსპერტიზამაც დაადასტურა.

ყოფილი პოლიციელი მის გათავისუფლებასთან გავლენიანი ნაცნობების კავშირს უარყოფს.

ნიკოლოზ ყოლბაიას გათავისუფლებიდან რამდენიმე თვეში პროკურატურამ ბრალი მის ყოფილ ცოლს ცრუ დასმენისთვის წარუდგინა. ქალის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო უახლოეს დღეებში იმსჯელებს.

დღის ამბები