30 დეკემბერი 2024,   21:38
ვრცლად
"ეს უკვე აღარ ეხება მხოლოდ ერთ ტელეკომპანიას და ერთ ბიზნეს კომპანიას" - ომბუდსმენი სკანდალური ჩანაწერების შინაარსს შემაშფოთებელს უწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი ტელეკომპანია "იბერიას" საქმეს და "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ აუდიო ჩანაწერებს ეხმაურება. 

ნინო ლომჯარია მომხდარს "შემაშფოთებელ სიგნალებს" უწოდებს. ომბუდსმენის განცხადებით, ჩანაწერი ნამდვილად აჩენს კითხვის ნიშნებს ბიზნესსექტორში კორუფციის არსებობასთან დაკავშირებით.

ქვეყნის პირველი უფლებადამცველი ფიქრობს, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ერთ ბიზნესკომპანიასა და ტელევიზიას აღარ ეხება, სწორედ ამიტომ პროკურატურამ დროული რეაგირება უნდა მოახდინოს.

„ეს ჩანაწერები უკვე არის ძალიან შემაშფოთებელი, თითოეული ვიდეო რაც ვრცელდება ნამდვილად შემაშფოთებელ სიგნალებს იძლევა. ნამდვილად აჩენს კითხვებს იმ კორუფციის ნიშნების შესახებ, რაც შეიძლება არსებობდეს ბიზნეს სექტორში. მე ვფიქრობ, ეს უკვე აღარ ეხება მხოლოდ ერთ ტელეკომპანიას და ერთ ბიზნეს კომპანიას. პროკურატურამ დროულად უნდა გასცეს პასუხი ამ შეკითხვებს,“-აცხადებს ლომჯარია.

„კურიერის“ მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერებში თამბაქოს ბიზნესისა და "ომეგა ჯგუფის" წილების გადანაწილების შესახებ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, მისი კომპანიონი და „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელ ზაზა ოქუაშვილთან საუბრობენ.

ჩანაწერში მთავარ ვერტიკალად ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი სახელდება, საქმეში ასევე ფიგურირებენ ყოფილი ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები