30 დეკემბერი 2024,   21:45
ვრცლად
მარეგულირებელი კომისია პოლიტიკური ცენზორის როლში მოგვევლინა - გიგა ბოკერია

„კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დღევანდელი ხელისუფლების, ივანიშვილის გუნდის ხელში ჩვეულებრივ ინსტრუმენტად იქცა, მათი პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად,“- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ოპოზიციის წარმომადგენელი მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც მარეგულირებელმა კომისიამ სალომე ზურაბიშვილის დასაცავად მაუწყებლებს ეთერიდან სარეკლამო კლიპების ამოღება მოსთხოვა.

გიგა ბოკერიას თქმით, მარეგულირებელი კომისია ცენზორის როლს ასრულებს.   

„დღეს პოლიტიკური ცენზორის როლში მოგვევლინენ. შინაარსში შევიდნენ, ლეგიტიმურ რეკლამას სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართულს უწოდეს უკანონო, აბსოლუტურად აბსურდული სამართლებრივი მიზეზებით. ევროპული საქართველოს“ პოზიციაა, რომ ჩვენ ასეთი შეფასება გვაქვს სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამების, ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატის ტოლფასი საქციელი. მარეგულირებელმა კომისიამ თავად უწოდა ღალატად ამის შეფასებას შედარება, შეფასებითი მსჯელობა. მინდა მათ შევახსენო, რომ ჩვენს კანონმდებლობაში სიტყვის თავისუფლების კანონი არსებობს და ძალიან მკაფიო მუხლი, რომ აზრი, შეფასებითი მსჯელობა დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არ ემორჩილება არანაირ შეზღუდვას, ცენზურას,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა მედიასაშუალებებსაც მიმართა.

„პირველ რიგში, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ნებისმიერი ტელეარხი ამ საბაბით ამ უკანონო, საბაბით შეზღუდავს თავისუფალ პოლიტიკურ სიტყვას, იქნება დანაშაულის ჩამდენი, კრიმინალს ჩაიდენს, საქართველოს კანონს დაარღვევს და იქნება ღიად, დეკლარირებულად მონაწილე სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის, ჩვეულებრივი გუნდის წევრი,“- აღნიშნა ბოკერიამ.

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ჭიაბერაშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები მოღალატეობრივია. 

„სალომე ზურაბიშვილის პოზიციები ქვეყნის საზიანო და მოღალატეობრივია, საზოგადოებაში გამოიწვია იმდენად დიდი აღშფოთება, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი იყენებს ყველა ხერხს, აქ არის მარეგულირებელი კომისიაც, რომ ნებისმიერი ხელების გადაგრეხვით შეეცადოს სალომე ზურაბიშვილის გატანას, როგორც პრეზიდენტისას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ 28 ოქტომბერს ქართველი ხალხის არჩევანი გასცემს პასუხს ასეთ თავხედობას, რასაც ჩადის „ქართული ოცნება“ და მარეგულირებელი კომისია,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები