17 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
"შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პოლიტიკური შეხედულების ან გამოხატვის თავისუფლების ნიშნით დისკრიმინაციას" - ომბუდსმენი მაია სტეფნაძეს შეხვდა

სახალხო დამცველი ტელეკომპანია „იმედიდან“ პროდუსერ მაია სტეფნაძის გათავისუფლების საქმეში დისკრიმინაციის ნიშნებს ხედავს - ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ სტეფნაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ომბუდსმენის აპარატმა საქმის შესწავლა უკვე დაიწყო. უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმედიდან დოკუმენტაციის გამოთხოვას გეგმავს. არ არის გამორიცხული შეხვედრა გაიმართოს არხის ხელმძღვანელობასთანაც.

„ყვლაფერი შესწავლას საჭიროებს და მეორე მხარისგანაც აუცილებლად გამოვითხოვთ შესაბამის დოკუმენტაცია, თუმცა ამ ეტაპზე ჩნდება განცდა, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პოლიტიკური შეხედულების ან გამოხატვის თავისუფლების ნიშნით დისკრიმინაციას,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მაია სტეფნაძე კი გაჩერებას არ აპირებს და საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში შეეცდება.

„ჩემი ეს ბრძოლა იმის დასამტკიცებლად, რომ მე ვარ პოლიტიკური შეხედულებების მსხვერპლი, თუმცა ეს სიტყვა მე არ შემეფერება, მე მსხვერპლი არ ვარ. მე ვიბრძვი ჩემი სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის,“ - განაცხადა მაია სტეფნაძემ.

პროდიუსერი მაია სტეფნაძე აცხადებს, ტელეკომპანია „იმედიდან“ Facebook პოსტის გამო გაათავისუფლეს. მისი თქმით, სამსახურიდან გაშვების მიზეზი სოციალურ ქსელში გაკეთებული ის განცხადება გახდა, სადაც მაია სტეფნაძე ხელისუფლებას პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო აკრიტიკებდა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები