9 მაისი თბილისში პრორუსული ძალების აქტიურობის და დაპირისპირების მიზეზი გახდა. რუსული პროპაგანდისტული ორგანიზაციის ქართველმა მხარდამჭერებმა ჭავჭავაძის გამზირზე შეკრება დილიდან დაიწყეს და თქვეს, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის, საქართველოს მომავალი კი მხოლოდ ევრაზიულ კავშირში გაერთიანებაა.
„უკვდავი პოლკის“ წევრებმა მსვლელობა უცნობი ჯარისკაცის მემორიალის მიმართულებით სამართალდამცველების გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელეს. ვაკის პარკში შესულ პრორუსული მოძრაობის წევრებს ანტისაოკუპაციო ორგანიზაციების აქტივისტები შეძახილებით შეხვდნენ. რუსეთის მხარდამჭერების წინააღმდეგ ვაკის პარკში რამდენიმე აქცია ერთდროულად მიმდინარეობდა.
სამოქალაქო აქტივისტები უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან რუსული აგრესიის დროს წამებით მოკლული გმირის გიორგი ანწუხელიძის სურათებით მივიდნენ და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოს არჩევანი ნატოა.
ვაკის პარკში და ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან გამწვავდა, სადაც მისულ რუს დიპლომატებს ანტისაოკუპაციო მოძრობის წევრებმა რუსული ოკუპაცია შეახსენეს და პუტინი ცნობილი გამონათქვამით მოიხსენიეს.
ინციდენტი ვაკის პარკში ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოჩენასაც მოჰყვა. „მოღალატე“ - ამ შეძახილებით პრეზიდენტს ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტები შეხვდნენ.
დაპირისპირებების დროს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით პოლიციამ ოთხი პირი დააკავა, მათ შორის ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები. ლექსო მაჭავარიანს და კახა კვეკვესკირს გამოძიება წვრილმან ხულიგნობას ედავება.
დაკავებულთა შორის იყვნენ პუტინის მხარდამჭერებიც, რომლებიც ვაკის პარკში კანონით აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკით მივიდნენ.
ავტორი: თამთა ჩიტიშვილი