30 დეკემბერი 2024,   22:04
ვრცლად
ბრძოლა საპატრიარქო ტახტისთვის - მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას, "ციანიდის" საქმეში ოცნების ხელისუფლების მონაწილეობაზე ბრალდების ადრესატები პასუხობენ

"ციანიდისსკანდალიდან თითქმის სამი წლის შემდეგ მეუფე იაკობი შოკისმომგვრელ განცხადებას აკეთებს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი იმ მაღალჩინოსნებს ასახელებს, რომლებსაც მეუფე იაკობის მტკიცებით, პატრიარქის გადაყენება სურდათ. სასულიერო პირი ამბობს, რომ ის სახელმწიფო კანცელარიაში დაიბარეს და იდეის განხორციელებაში დახმარება სთხოვეს.

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის თქმით, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა. მეუფე იაკობი ვარაუდობს, რომ მაღალჩინოსნებს ეს საკითხი ვიღაცამ დაავალა.

"მაგ სამი კაცისთვის ვიღაცას რომ არ დაევალებინა... იმასაც ბრძოლას ვუცხადებ, ვინც მაგათ დაავალა,"- განაცხადა მეუფე იაკობმა და განმარტა, რომ იდეა ვანო ჩხარტიშვილს ეკუთვნოდა, ეს იდეა ივანიშვილს გააცნო, ივანიშვილმა კი თავის მინისტრებს დაავალა.

"კვირიკაშვილის დროს დამიძახეს, კვირიკაშვილი იყო, ვახო იყო და გახარია, "მეჩალიჩებოდნენ" იმაზე, რომ პატრიარქი გადავაყენოთო და შიო დავაყენოთ პატრიარქადო," - აცხადებს მეუფე იაკობი.

გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში არ იმყოფება. მეუფე იაკობის მძიმე ბრალდებების მთავარი ადრესატებიდან მედიასთან კომენტარი მხოლოდ გიორგი გახარიამ გააკეთა. პრემიერ-მინისტრი სასულიერო პირის ბრალდებებს აბსურდულად მიიჩნევს. 

"პირველად გავიგე, ცოტა შოკირებული ვარ, ეს მეუფე, ის მეუფეა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა ჩამოვაგდებო... როგორ გინდათ ამაზე კომენტარი გავაკეთო? სერიოზული კომენტარი თუ გაინტერესებთ, პატრიარქი არის ბოლო 40 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის წარსულის, დღევანდელი დღის და მომავლის სიმბოლო, მე არაერთხელ აღვნიშნე, ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენ სახელმწიფოებრიობას კრავს. შესაბამისად ამ სისულელეებზე უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაყენებთ.

რატომ აკეთებს  მეუფე ასეთ განცხადებებს, მეუფეს ჰკითხეთ, მსგავსი სისულელეები საზღვარს გადაცდა. არ ვადასტურებ, სისულელეებზე ნუ მეკითხებით.

მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას უნდა დაანებოს ყველამ თავი და ყველამ თავისი საქმე აკეთოს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეუფე იაკობის განცხადება აბსურდულად მიაჩნიათ იმ სასულიერო პირებსაც, რომლებიც დღეს ე.წ. "ციანიდის" საქმეში მონაწილეობაში დაადანაშაულეს. ბრალდებებს უარყოფს ჭყონდიდის მიტროპოლიტი. მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "ციანიდის" საქმისთვის მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე პეტრეს თანამზრახველი იყო, მეუფე პეტრე ცაავა - "ნასვამი, გავეშებული ადამიანის ბოდვას" უწოდებს.

ბოდბელი ეპისკოპოსის სკანდალური განცხადებების გამო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სინოდისთვის მიმართვას აპირებს. ის მეუფე იაკობის საპატრიარქოდან გარიცხვასაც მოითხოვს.

"აშკარად ნასვამ მდგომარეობაშიც და უფრო მეტიც, გავეშებულის ბოდვაზე, ცოტა უხერხულია კომენტარის გაკეთება, მე პირადად არათუ პრემიერის კაბინეტში, კანცელარიაში არ ვყოფილვარ არასოდეს. გამოვთქვამ ვარაუდს, რომ "ციანიდის" საკითხი დაიგეგმა მეუფე იაკობის ჩართულობით, ხელისუფლება შეიყვანა შეცდომაში შიდა დაპირისპირებისათვის იქნა გამოყენებული "ციანიდის სცენარი", რაც მიზნად ისახავდა პატრიარქის დაცვის უფროსის და მამა გიორგის, რომელიც იყო ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, მათ ჩამოშორებას და გარიდებას საპატრიარქოდან,

ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში მივმართე წმინდა სინოდს, უღირსი სასულიერო პირების საკითხი შესწავლილიყო და განხილულიყო. დღემდე სამწუხაროდ ეს საკითხი არ დადგა, მაგრამ აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, მაგრამ დაიწყება მაღალი იერარქიიდან და არა დაბლიდან. ამ პროკურატურიდან რას უნდა ველოდე,  ველოდები აღიარებას და მონანიებას "ციანიდის" საქმეში დაშვებულ შეცდომებზე და ერის წინაშე დაშვებულ მავნებლობაზე,"- განაცხადა მეუფე პეტრემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის განცხადების გაკეთების შემდეგ საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს ოპოზიციის ნაწილი. მეორე ნაწილი კი, პროკურატურას გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს.

არასერიოზულად მიიჩნევენ მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობაშიც. "ქართულ ოცნებისთვის" გაუგებარია თუ რა მიზნით დასჭირდა მეუფე იაკობს მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთება.

მეუფე იაკობის განცხადებას გამოეხმაურა "ციანიდის" საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძეც:

"იაკობი, რომელიც ხელისუფლებამ გამოიყენა ჩემი ძმის საქმეში და შემდეგ საცვალივით გადააგდო, ბოღმას ვერაფერს უხერხებს. სიმთვრალე გამბედაობას აძლევს ერთმანეთში არეული ტყუილ-მართალი იპრუტუნოს და მის ყოფილ პატრონ ოლიგარქს დედაც კი აგინოს პირდაპირ ეთერში. მისი ამ საქციელის მთავარი მოტივი კი, შემდეგია: ის ხვდება, რომ მარტო დარჩა, ყველამ დაიკიდა და რასაც დაპირდნენ რა თქმა უნდა მოატყუეს. ამასთან, ძალიან კარგად იცის, რომ ერთ დღესაც რაღაც ძალიან ცუდს უზამენ. მან ხომ ბევრი იცის ყველა ამ დანაშაულის და დამნაშავეების შესახებ. ამის ძალიან ეშინია. დააკვირდით რამდენჯერ თქვა, ჩემს წინააღმდეგ თუ რამეს დაიწყებენო... ხო და ერთადერთი რაც დარჩენია არის ის, რომ პატრიარქს შეუქმნას განცდა, რომ მხოლოდ მას შეუძლია დაიცვას მკვლელობის თუ ტახტიდან ჩამოგდების საფრთხისგან და ამით პატრიარქის სრული მხარდაჭერა მოიპოვოს. სხვათა შორის უჭკუო ტაქტიკა არ არის მისი მხრიდან, ვინაიდან ილია მეორეს ძალიან, ძალიან სჯერა მის წინააღმდეგ არსებული შეთქმულების თეორიების. თუმცა იაკობი ვერ აცნობიერებს ერთ უტყუარ ფაქტს, რომ პატრიარქის მხარდაჭერა აღარაფერს ნიშნავს, ვინაიდან დღეს უკვე მის მაგივრად გადაწყვეტილებებს სხვები იღებენ," - წერს თორნიკე მამალაძე ფეისბუკზე.

დაიწყება თუ არა გამოძიება მეუფე იაკობის განცხადებაზე ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციაც. განიხილავს თუ არა წმინდა სინოდი მეუფე პეტრეს მოთხოვნას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის საპატრიარქოდან ჩამოშორების შესახებ - ეს უახლოეს მომავალში, წმინდა სინოდის შეკრების შემდეგ გაირკვევა.

დღის ამბები