30 დეკემბერი 2024,   22:10
ვრცლად
ერაყი, ლიბანი, ჩილე, ბოლივია, ჰონგ კონგი - მსოფლიოში ანტისამთავრობო აქციების ბუმია

მსოფლიოში ანტისამთავრობო აქციების ბუმია. ერაყში კომენდანტის საათი გამოცხადდა, უკვე თითქმის ერთი თვეა ერაყის მთელ ტერიტორიაზე აქციებს პოლიცია ყოველდღე შლის. დაღუპულია 40 ადამიანი. უმუშევრობის და კორუფციის მაღალი დონის გამო, ხალხი ქუჩაში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნითა გამოსული.

"სადამ ჰუსეინი აღარ არის, ათასი სადამი კი მთავრობაშია. ჩვენ ახალგაზრდები ვართ, სად არის ჩვენი მომავალი?"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მილიონზე მეტი ადამიანი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს ჩილეში. ყველაფერი კი მეტროს ბილეთის ფასის გაზრდის გამო დაიწყო. პოლიცია ჩილეშიც არბევს აქციებს. დაღუპულია 19 დემონსტრანტი. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

"ხალხმა გააცნობიერა, რომ ხელისუფლებაში მონოპოლისტები არიან. მდიდრი ხელისუფლება ღარიბებს უსამართლოდ ექცევა."

მეათე დღეა საპროტესტო აქციები არ წყდება ლიბანში. პოლიცია უშედეგოდ ცდილობს ქუჩები დემონსტრანტებისგან გაათავისუფლოს. ბეირუთში მოსახლეობა მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს და სოციალური რეფორმების გატარებას ითხოვს. დაშავებულების რიცხვმა ლიბანში უკვე 100-ს გადააჭარბა.

"ჩვენ ქუჩებს არ დავტოვებთ, ეს მთავრობაზე ზეწოლის ერთადერთი გზაა. ლიბანში რევოლუცია ძალიან ძნელი გზაა. ჩვენ სიძნელეების არ გვეშინია."

ბოლივიაში აქციები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოყვა. არჩევნების შედეგებს ბოლივიის მოსახლეობის ნაწილი არ იზიარებს და ევო მორალესის გამარჯვების არ სჯერა.

ანტისახელისუფლებო აქციები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს ჰონგ კონგში. საპროტესტო დემონსტრაციები ვერც პოლიციამ შეაჩერა და ვერც ოფიციალური პეკინის მხრიდან მომიტინგეების მოთხოვნების შესრულებამ.

საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ესპანეთშიც, საფრანგეთსა და შუა აზიაშიც. გაეროს უფლებადამცველებმა ყველა პროტესტს ერთი საერთო მოუნახეს. ხალხი ყველა ქვეყანაში მთავრობით უკმაყოფილოა. ხელისუფლების მხრიდან აქციების დასაშლელად გადამეტებული ძალის გამოყენება კი პროტესტს კიდევ უფრო ფართომასშტაბიანს ხდის.

დღის ამბები