30 დეკემბერი 2024,   21:57
ვრცლად
ქართულმა დელეგაციამ ევროსაბჭოს ბიუროს სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი დააყენა

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსის მიღების შემდეგ ქართული მხარე სტრასბურგში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელს, ლილიენ მორი პასკიეს შეხვდა.

ლილიენ მორი პასკიემ პრესასთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა საქართველოს თავმჯდომარეობა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

დავით ზალკალიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"დავსახეთ ერთობლივი საქმიანობის გეგმები. ჩვენ 6 თვის განმავლობაში გვექნება საშუალება, რომ საპარლამენტო ასამბლეას ჩვენი საქმიანობის შესახებ, განხორციელებული საქმიანობის შესახებ შედეგები მივაწოდოთ. ვფიქრობ, თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება. რამდენიმე ღონისძიებაცაა დაგეგმილი საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად და დღეს ყველა ამ საკითხზე ვისაუბრეთ,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღესვე შედგა ბიუროს სხდომა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო. თუმცა, საქართველოს წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც იანვრამდე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის პოსტზე რჩება, აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ოკუპირებული ცხინვალის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი იყო. 

"ზუსტად ბიუროს სხდომაზე დავაყენეთ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი. ვთხოვე საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ეს ადამიანი მაქსიმალურად დროულად დავიხსნათ ტყვეობიდან. მათ ამ საქმის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. ჩვენ მივიღეთ პირობა, რომ გამოიყენებენ ყველა ზომას, რათა გამოიხსნან ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობისგან,"- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას 15 მაისს დიდი მინისტერიალით დაასრულებს, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს და რომელსაც ევროსაბჭოს წევრი 47-ვე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება. შემდეგი ქვეყანა, რომელიც გადაიბარებს თავმჯდომარეობას, საბერძნეთი იქნება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები