12 მაისი 2024,   22:31
ვრცლად
"მხოლოდ მოასწრო მოეწერა "დედა" და მორჩა... მასთან კავშირი შეწყდა" - მინსკში დაკავებული ჟურნალისტის მეგობარი გოგოს შესახებ ოჯახმაც არაფერი იცის

ჟურნალისტ რომან პროტასევიჩთან ერთად მინსკში დააკავეს მისი მეგობარი გოგონა, რუსული წარმომავლობის სოფია საპეგა. პროტასევიჩისგან განსხვავებით, გოგონას ბედი, ბელარუსის დედაქალაქში სრულიად დაუგეგმავად მოხვედრის შემდეგ, ყველასთვის უცნობია. 

ტელეგრამ-არხი BAZA გოგონას დედას, ანა დუდიჩს ესაუბრა. 

"ჩემთვის არავის უთქვამს, რაში ადანაშაულებენ. მგონია, რომ მისთვის ბრალდება ჯერ არ წარუდგენიათ. ადვოკატს, სამწუხაროდ, მასთან არ უშვებენ, ამიტომ არანაირ ინფორმაციას ჩემი შვილის შესახებ არ ვფლობთ.

სამართალდამცავმა სტრუქტურებმა საქმის კურსში კვირა საღამოს ჩამაყენეს - მითხრეს, რომ სოფია დააპატიმრეს. ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როცა მე ვინმე დამიკავშირდა," - ამბობს დაკავებული გოგოს დედა. 

ანა დუდიჩის თქმით, მის შვილთან არც კონსულს უშვებენ. 

"საელჩოში დღეს კიდევ ერთხელ დავრეკეთ, თუმცა ვერანაირ ინფორმაციას ისინი ვერ გვაძლევენ...

ბოლოს ვილნიუსში გაფრენამდე ველაპარაკე, "ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი შესანიშნავადაა, დედა, მზად ვართ გასაფრენად", მითხრა. 

თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ კი მხოლოდ მოასწრო მოეწერა "დედა" და მორჩა... მასთან კავშირი შეწყდა," - ამბობს სოფია საპეგას დედა.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა ბომბის საფრთხის გამო მინსკში ექსტრემალურად დაჯდა, თუმცა ბომბის არსებობა არ დადასტურდა.  თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა ოპოზიციური ტელეგრამარხის NEXTA-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი, რომელიც ბელარუსის ხელისუფლებას ტერორისტების სიაში ჰყავს შეყვანილი. პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგო რუსი სოფა საპეგა დააკავეს. მეორე დღეს ბელორუსის სახელმწიფო არხებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც პროტასევიჩი ამბობს, რომ აღიარებითი ჩვენება მისცა. მის სახეზე სისხლჩაქცევები ჩანდა.

ამ ინციდენტის შემდეგ ევროკავშირმა ევროპულ ავიაკომპანიებს ურჩია თავი შეიკავონ ბელორუსის ტერიტორიაზე ფრენისგან. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო თითქმის 10-მდე საჰაერო გადამზიდავმა. ბელორუსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა უკრაინამ, ლიეტუვამ, შვედეთმა. მომხდარი შემთხვევა საერთაშორისო სკანდალად შეფასდა, ინციდენტს "სახელმწიფო მეკობრეობა" უწოდეს, ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლების მიმართ სანქციების დაწესებას გეგმავს.

 

ავტორი : თინათინ კაკიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები