დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი რეანიმაციაში რჩება, მას სხეულის 20% აქვს დამწვარი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, რომლებმაც უნდა დაადგინონ, რა გახდა აფეთქების მიზეზი.
დიღმის მასივში მცხოვრებლებმა ძლიერი აფეთქების ხმა დილის 8:30 საათზე გაიგეს. საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართული ცეცხლის ალში მალევე გაეხვა. ადგილზე მისულ სამაშველო ბრიგადის თანამშრომლებს რვა სართულიანი კორპუსის მეშვიდე და მერვე სართულები განადგურებული დახვდათ. აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა.
ადგილობრივები აფეთქების მიზეზს კორპუსის მეშვიდე სართულზე მიმდინარე რემონტს უკავშირებენ. დანადგარების არასწორი ექსპლუატაცია არის ერთ-ერთ მიზეზი, რაზეც საუბრობდნენ დღეს ადგილზე მისული "თბილისი ენერჯის" წარმომადგენელები.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ბინის მეპატრონე, რომელიც ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. აფეთქების შედეგად მას სხეულის 20% აქვს დამწვარი.
შემთხვევის ადგილზე დილითვე მივიდა დიდუბე-ჩუღურეთის გამგებელი. ლადო ძნელაძის განცხადებით, დაზარალებულს მუნიციპალიტეტი დაეხმარება.
დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში მომხდარი აფეთქების მიზეზებს გამოძიება დაადგენს. საქმეზე მოკვლევა 240 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ცნობისთვის: დიღმის მასივში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე აფეთქება დღეს დილით მოხდა. 8 სართულიან კორპუსში დაზიანებულია ორი ბინა.