ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ვარშავაში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანი უკრაინაში განვითრებული მოვლენებია.
როგორც შარლ მიშელმა განაცხადა, ევროპულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მოახდინოს 500 მილიონი ევროს მობილიზება ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რათა დაკმაყოფილდეს კონკრეტული და დამატებითი საჭიროებები.
"ძალიან რთული სიტუაციის წინაშე ვართ. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ერთიანები და ვართ კიდეც ჩვენი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, პარტნიორებთან, მოკავშირეებთან და ასევე მესამე სახელმწიფოებთან ერთად. ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ სამოქმედო გეგმა, რათა შევქმნათ საერთაშორისო კოალიცია, რათა დავიცვათ საერთაშორისო კანონმდებლობა და კანონზე დამყარებული მრავალმხრივი წესრიგი.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ სწრაფად და გადამწყვეტად სანქციების გზით, რომელიც მასშტაბური შედეგებით რუსეთისთვის. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩვენც მოგვიწევს ფასის გადახდა აგრესიისთვის, რომელიც მიმართულია დემოკრატიის, საერთაშორისო კანონმდებლობის წინააღმდეგ.
მე აქ ვარ, რათა ვაჩვენო სრული ევროპული სოლიდარობა პოლონეთის, მისი გუნდის, იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ადგილზე არიან იმისათვის, რომ უზრუნველყონ გარანტიები და სტუმართმოყვარეობა უკრაინიდან დევნილთათვის.
აქ ვარ იმისთვის, ვაჩვენო რომ ყველა ერთად ვართ, ამიტომ ევროპულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მოახდინოს 500 მილიონი ევროს მობილიზება, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რათა დაკმაყოფილდეს კონკრეტული და დამატებითი საჭიროებები.
ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, პირადად ვნახო თუ რა სიტუაციაა ადგილზე. მოცემული სიტუაცია ძალიან მტკივნეულია უკრაინისთვის და ჩვენ, როგორც არასდროს უნდა ვიდგეთ უკრაინელების გვერდით. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ როგორც პოლიტიკურად, ფინანსურად და ჰუმანიტარულად. ეს ჩვენი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებაა," - ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.
ასევე, პოლონეთის პრემიერ მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკმა განაცხადა, რომ რუსეთის ქვანახშირს ემბარგო უნდა დაეკისროს. გარდა ამისა, მისი თქმით, ევროკავშირმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში უარი უნდა თქვას რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე.
"პოლონეთი მტკიცედ გამოდის, რაც შეიძლება გაფართოებული სანქციების სასარგებლოდ. სანქციების პაკეტის ნაწილი უნდა გახდეს სხვადასხვა სახის ნახშირწყალბადების ბლოკადა რუსეთიდან, კერძოდ საუბარია ნავთობზე, გაზსა და ქვანახშირზე. კიდევ ერთხელ მივმართავ ევროკომისიას, რომ გადაწყვიტოს რუსულ ქვანახშირზე ემბარგოს დაწესება. ამ შემთხვევაში პოლონეთიც დაუყოვნებლივ შეწყვეტს რუსული ქვანახშირის იმპორტს. მე ამ მოწოდებით დიდი ხანია გამოვდივარ, მათ შორის უახლოეს თვეებში რუსეთიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესყიდვის თაობაზეც, რადგან ამ სახსრებით რუსეთი საკუთარი საომარი მოქმედებების დაფინანსებას ახდენს. პოლონეთი ემბარგოთი გამოწვეული შედეგებისთვის მზადაა,“ - აცხადებს მატეუშ მორავიეცკი.