20 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
ომი, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, გენოციდი და აგრესიის დანაშაული - 38 ქვეყანა რუსეთს ჰააგის სასამართლოში უჩივის

38 სახელმწიფოსთან ერთად საქართველო ითხოვს, ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინი დამნაშავედ ცნოს. მიზეზი უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებია.

დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად საქართველო უერთდება მოთხოვნას, რომლის მიხედვით რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენება ომის დანაშაულია და ამაზე პუტინის რეჟიმია პასუხისმგებელი. ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი უკვე იძიებს რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ ომის დანაშაულებებს. ამ ვითარებაში საქართველოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა, ვიცე-პრემიერის აზრით განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ორ ქვეყანას ოკუპანტთან მიმართებაში ერთობლივი ინტერესი აქვთ.

მოკავშირეები დიდმა ბრიტანეთმა შეკრიბა. ჩვენ მკაფიო ვართ, რომ პუტინის საზარელი ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება - ეს მკაფიო მესიჯი დღეს ბრიტანეთის პრემიერმა გააჟღერა. სისხლის სამართლის სასამართლოს ისტორიაში ყველაზე დიდი მიმართვა, საშუალებას მისცემს პროკურორს, გამოძიება ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე და შესაბამისად დროულად დაიწყოს.

უკრაინაში ომის დაწყებიდან მერვე დღეს ვლადიმერ პუტინი იმაზე მეტად უფრო იზოლირებულია, ვიდრე ოდესმე - ჯო ბაიდენის შეფასებით , სწორედ ეს არის თავისუფალი სამყაროს პასუხი რუსეთის პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის სისასტიკეზე.

ამერიკამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი გააფართოვა. ამჯერად სამიზნე რუსეთის თავდაცვის სექტორია. სულ შეზღუდვები შეეხება თავდაცვის იმ 22 უწყებას, სადაც რუსი სამხედროებისთვის შეიარაღება მზადდება. რუსეთის, როგორც წამყვანი ენერგორესურსების მომწოდებლის სტატუსის შესასუსტებლად, სანქციები წესდება ნავთობის ექსპორტზეც.

უკრაინაში ომმა მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ გააერთიანა, რადგან სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთი აგრესორია და ვლადიმერ პუტინმა მკაცრი პასუხი უნდა მიიღოს. ანალოგიური პოზიცია აქვს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს ყველა დიპლომატიური გზით ომის შეჩერებაზე იზრუნოს.

აგრესორს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და უკრაინის ტერიტორიიდან გასვლას სთხოვს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაც. კონგრესმენებმა 426 ხმით მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ძალისმიერი გზით მოყვანილ ხელისუფლებას. რეზოლუციის მიღებით გამოეხმაურნენ უკრაინის მოვლენებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც. 193 ქვეყნიდან რეზოლუციას მხარი რუსეთმა, ბელორუსმა, სირიამ, ერიტრეამ და ჩრდილოეთ კორეამ არ დაუჭირა. რუსეთის ქმედებები კი 141-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაგმო.

დღის ამბები