ანტიდისკრიმინაციული კანონი მკაცრდება - პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე განმარტავს, რომ ეთნიკური შუღლის გაღვივება დაუშვებელია და დისკრიმინაციულმა მიდგომებმა შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთში მყოფ 100 ათასობით ქართველს საფრთხე შეუქმნას.
განსხვავებული პოზიციაა ოპოზიციურ სპექტრში. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ განწყობები რუსეთის მოქალაქეების მიმართ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის პარალელურად გასაკვირი არაა, თუმცა ამას დისკრიმინაციასთან კავშირი არ აქვს.
პროვოკაციებს არ გამორიცხავს საპარლამენტო უმრავლესობა. ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ კანონზე მუშაობის პროცესში ყველა პარტია უნდა ჩაერთოს.
კანონის გამკაცრების აუცილებლობას ვერ ხედავენ მესამე სექტორში. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თვლიან, რომ პუტინის ძალაუფლების კრიტიკა და ქსენოფობია ერთმანეთისგან უნდა იყოს გამიჯნული და მათი განცხადებით, გარკვეული გამონათქვამები ან ქმედებები დისკრიმინაციულად არ უნდა ჩაითვალოს.
დისკრიმინაციულ საფრთხეებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებაში მღელვარების შემოტანის მიზნით მიზანმიმართულად ხდება დეზინფორმაციის გავრცელება.
კანონის გამკაცრებაზე პარლამენტში მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება.