მსოფლიო შეშინებულია, ევროპა მასობრივად ყიდულობს იოდის აბებს, განსაკუთრებული პანიკა კი ჩეხეში, ბულგარეთსა და პოლონეთშია.
ატომური საფრთხე კიდევ უფრო რეალური გახდა წუხელ, როდესავ რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელეტროსადგურს.
ოკუპანტი რუსეთის სამიზნე უკრაინაში შეჭრიდან მეცხრე დღეს ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური გახდა. აგრესორების თავდასხმის გამო ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ლიკვიდირება კი უკრაინელმა მეხანძრეებმა მხოლოდ დილით მოახერხეს.
ოკუპანტების მიზანი ნაწილობრივ შესრულდა - მათ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციულ შენობასა და სადგურის შესასვლელზე კონტროლი დაამყარეს. ამის მიუხედავად, უკრაინული პერსონალი ელექტროსადგურებზე მუშაობას განაგრძობს, რაც ბირთვული ობიექტების სტაბილურ მუშაობას უზრუნველყოფს. ენერგოდარის მერის ინფორმაციით, იმ უკრაინელ ჯარისკაცებს შორის, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სადგურზე შეტევას ბირთვულ ტერორიზმს უწოდებს და ევროპას სასწრაფო რეაგირებას სთხოვს.
ევროპას რეაგირებისკენ მოუწოდებს უმაღლესი რადაც. პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს და სთხოვს უკრაინის თავზე ცა ჩაკეტონ და "ბირთვული მანიაკი" შეაჩერონ.
რუსეთის იერიში ატომურ ელექტროსადგურზე კიდევ ერთი სახიფათო სიგნალია დასავლეთისთვის. კანადისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ამბობენ, რომ ევროპა და მთელი მსოფლიო ამ გამოწვევას უნდა გაუმკლავდეს, რომელიც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
დღეს მთელი მსოფლიო საუბრობს თუ რა დიდი კატასტროფა შეიძლება გამოიწვიოს ბირთვულ სადგურზე თავდასხმამ და ოკუპანტს შეჩერებისკენ მოუწოდებს. უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ინფორმაციით, ამ დროისთვის რადიაციული ფონი ნორმაშია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით კი, ატომურ ელექტროსადგურზე იერიშის შედეგად ხანძარი სასწავლო-საწვრთნელ კორპუსში გაჩნდა და სადგურის უმნიშვნელოვანესი აღჭურვილობა არ დაზიანებულა.