სალომე ზურაბიშვილი ხვალ პარლამენტში აღარ მივა. სხდომა, რომლის მოწვევასაც კანონმდებლების უმეტესობამ მხარი არ დაუჭირა, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოხსენებას ითვალისწინებდა. ამ გადაწყვეტილებას წინ დეპუტატებს შორის თითქმის 2 საათიანი დისკუსია უძღოდა.
სხვა ფორმატში მიმდინარე თემების განხილვაზე ოპოზიციამ უარი თქვა. ისინი სალომე ზურაბიშვილისგან გასული წლის ანგარიშსა და პარტნიორებთან აუდიენციის დეტალებს სწორედ ხვალინდელ სხდომაზე ელოდნენ. "ქართული ოცნებაში" განმარტავენ, რომ პრეზიდენტის მოხსენება მიმდინარე პროცესებზე საუბარს არ მოიცავს, რეგლამენტი კი კითხვა- პასუხს არ ითვალისწინებს.
"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტი პარლამენტში წლიური ანგარიშის მოსახსენებლად 15 მარტს მიიწვია, თუმცა ჯერ უცნობია, დათანხმდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი ამ მიწვევას.
წლიური ანგარიშის წარდგენამდე კი, "ქართული ოცნების" შეთავაზება კვლავ ძალაშია. სახელისუფლებო გუნდი რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და პრეზიდენტის შეხვედრებზე სასაუბროდ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას სხვა, დახურულ ფორმატში იწვევს.
სალომე ზურაბიშვილს საკანონმდებლო ორგანოში გასული წლის ანგარიშის წარდგენა ხვალ, 5 მარტს სურდა, თუმცა, მის ამ სურვილს დღეს ბიუროს სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს. ქვეყნის პრეზიდენტს კანონმდებლები სასესიო კვირის პირველივე სხდომაზე ელოდებიან.