ომის მე-10 დღე უკრაინაში - უკვე მილიონ 200 ათასზე მეტი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტების ჭურვების სამიზნეა ხარკოვი, შეტაკებებია ჩერნიგოვაშიც, მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო უკრაინის სამხრეთ ნაწილში - იზმაილში, იუჟნიში, კილიასა და ბელგოროდ-დნესტროვსკიში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე ალაპარაკდა. მარიუპოლი და ვოლნოვახა ჰუმანიტარული კორიდორის მოლოდინშია.
"სუსტი და დაბნეული სამიტი" - ასე გააკრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს საგანგებო მინისტერიალი. ნატომ მიიღო გაცნობიერებული გადაწყვეტილება, არ დაეხურა ცა უკრაინის თავზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერებს მიმართა, რომ უკრაინაში რუსი ოკუპანტები კვლავ ანგრევენ და ბომბავენ ქალაქებს.
საკმაოდ ემოციური მიმართვა ჰქონდა უკრაინის პირველ პირს ნატოს მიმართ. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, ყველა ადამიანი, რომელიც დღეიდან დაიღუპება, დაიღუპება მათ გამოც, რადგან ნატომ უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე უარი განაცხადა.
ამასთან, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ თავის სამშობლოს მტრისგან თავად უკრაინელი გმირები გაათავისუფლებენ. პარალელურად პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ნატოში უკრაინის მეგობარ ქვეყნებს და თქვა, რომ მათი რიცხვი საკმაოდ დიდია.
ქვეყნის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები აპირებენ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში შესვლას და შემდგომ სახმელეთო დერეფნის შექმნას ოკუპირებულ ყირიმთან. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მტერმა დაიწყო საინჟინრო სამუშაოები ბოროდიანკას მიდამოში გზების გადაკეტვით, სავარაუდოდ კიევის მიმართულებით შემდგომი წინსვლის მიზნით.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საოკუპაციო ნაწილები შიბენესა და კატიუჟანკას რაიონებში შეაჩერა. დიმერის მიდამოში კი ოკუპანტი აგრძელებს თავდაცვითი ტერიტორიის შექმნას.
გარდა ამისა, უკრაინის გენერალური შტაბის წარმომადგენელი ამბობს, რომ შავ ზღვაში, ოდესა-ზატოკას რეგიონში დესანტის გადასხმის მოსამზადებლად საჩვენებელი ოპერაციების დასრულების შემდეგ, ამინდის პირობების გაუარესების გამო, დამპყრობელმა გაიყვანა ხომალდების ჯგუფი და სადესანტო გემები ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთით.
უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის სიახლოვეს მტრის 488-ე მოტომსროლელთა პოლკი გაანადგურეს, რასაც გენერალურ შტაბში დიდ მიღწევად მიიჩნევენ. გუშინ ხერსონში რუსებმა სცადეს მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების დარიგება, მაგრამ ადგილობრივმა მოსახლეობამ ის არ აიღო.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 5 მარტამდე რუსეთის სამხედრო დანაკარგი 9 100 ადამიანს აღემატება. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთმა 251 ტანკი, 939 ჯავშანმანქანა, 105 საარტილერიო სისტემა, 33 თვითმფრინავი, 37 შვეულმფრენი და ათეულობით სხვა ტექნიკა დაკარგა.