20 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
დაგეგმილია 200 ათასზე მეტი ადამიანის გაყვანა მარიუპოლიდან - უკრაინის ვიცე- პრემიერი

ომის მე-10 დღეს უკრაინელების ნაწილი უცხოეთიდან კონფლიქტურ რეგიონში ბრუნდება. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სამშობლოს მტრისგან დასაცავად 66 ათასზე მეტი უკრაინელი დაუბრუნდა. მარიუპოლში კი მოსახლეობის ევაკუაცია გადაიდო.

ქალაქის მერის თქმით, ოკუპანტების მხრიდან მუდმივი, დაბომბვის პირობებში, მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება უსაფრთხოდ დატოვონ მარიუპოლი.

ვოლოდიმირ ზელენსკი იმედის მომცემ მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ დარწმუნებულია, ომის გამო ქვეყნიდან წასული მოსახლეობა სამშობლოს მალე დაუბრუნდება.

ხარკოვის მერის ინფორმაციით, ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს კონტრშეტევა და უკან დააბრუნეს დამპყრობლები საზღვრისკენ.

ამასთან, მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მტრის სამი ტანკი, ხოლო მეოთხე, რომელიც რუსმა სამხედროებმა მიატოვეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მფლობელობაში გადავიდა.

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი აცხადებს, რომ მარიუპოლიდან დაგეგმილია 200 ათასზე მეტი ადამიანის გაყვანა. 

"წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით მოვახდინეთ მარშრუტების კოორდინაცია, კოლონის მოძრაობა, ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების გეგმა და მივიღეთ დასტური რუსული მხარისგან. დაგეგმილია მარიუპოლიდან 200 ათასზე მეტი ადამიანის გაყვანა: მარიუპოლი-ნიკოლსკოე-როზივკა-ბილმაკი-პოლოგი-ორიჰივ-ზაპოროჟიე. ვოლნოვაჰადან 15 ათასზე მეტი ადამიანის გაყვანა იგეგმება: ვოლნოვაჰა-ვალერიანოვკა-ნოვოანდრიევკა-კირილოვკა-უგლედარ-პოკროვსკი-ზაპოროჟიე. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გარანტორი წითელი ჯვარია,"- აცხადებს ვერეშუკი

დღის ამბები