პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის პლენარული სხდომა გრძელდება. საფრანგეთისა და საპრეზიდენტო ტრიოს სპეციალური მოწვევით ასამბლეაში მონაწილეობს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილიც.
მან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართა, რომ მოუსმინონ ჩვენს ხმას, იმისათვის, რომ ევროპა გახდეს სრულყოფილი. შეგახსნებთ, სხდომაში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტები მონაწილეობენ.
"ეს არის ტრაგედია, რომელიც შუაგულ ევროპაში ხდება. დღეს, როდესაც რუსეთის მიერ აბსოლუტურად გაუმართლებელი აგრესია მიმდინარეობს, უკრაინელი ხალხი იბრძვის არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისა და მისი უსაფრთხოებისთვის. 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ჩვენს პარტნიორებთან გამუდმებით ვსაუბრობდით საფრთხეზე, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შემდეგ ჩვენს ყოველდღიურად იქცა. სამწუხაროა, რომ საფრთხის სიმძიმე ბოლომდე ვერ იქნა გაცნობიერებული და ვერ შევძელით დღევანდელი ტრაგედიის თავიდან აცილება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და მხარდაჭერისკენ მოუწოდა: - "ამ მძიმე ფონზე, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთეს და თქვენ ამ საკითხზე უახლოეს პერიოდში მოგიწევთ მსჯელობა. ჩემი თხოვნა იქნება, მოუსმინეთ ჩვენს ხმას, იმისათვის, რომ ევროპა გახდეს სრულყოფილი," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.