ოკუპანტი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან მე-10 დღე - ხარკოვი ისევ დაიბომბა, აგრესორი ქვეყნის შეიარაღებული ძალები ქალაქზე ინტენსიურ იერიშს ახორციელებენ.
საღამოს ძლიერი აფეთქება მოხდა უკრაინის დედაქალაქშიც. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კიევში მტრის რაკეტა ჩამოაგდეს. ბრძოლა მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში ხერსონში, სადაც უკრაინული მხარის ცნობით, მტერმა დიდი დანაკარგი განიცადა, შედეგად სიტუაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, აუმჯობესებენ საკუთარ პოზიციებს, აწყობენ ცალკეულ კონტრშეტევებს - საავიაციო და საარტილერიო დარტყმებს.
დამაიმედებელი განცხადება გააკეთა დღეს უკრაინის პრეზიდენტმა - ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა მალე შეძლებს მოქალაქეებისთვის თქმას, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში, რადგან იქ საფრთხე აღარ იარსებებს.
ზელენსკისგან განსხვავებით აგრესორი ქვეყნის ლიდერის განცხადებებიდან ირკვევა, რომ პუტინი ომის შეჩერებას არ აპირებს. ოკუპანტი სახელმწიფოს პრეზიდენტმა დღეს თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები გეგმის მიხედვით მოქმედებს. პუტინმა უკრაინა აგრესიაში, დასავლეთი კი უმოქმედობაში დაადანაშაულა.
იმ დროს როდესაც პუტინი აგრესიულ ქმედებებში უკრაინას ადანაშაულებდა, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და მშვიდობიან მოქალაქეებს ევაკუაციის საშუალება კიდევ ერთხელ არ მისცა. საოკუპაციო ჯარმა მარიუპოლის დაბომბვა მაშინ დაიწყო, როდესაც ქალები, ბავშვები და მოხუცები საევაკუაციოდ ემზადებოდნენ.
უკრაინელები განაგრძობენ როგორც დივერსანტების, ასევე უკრაინელი აგენტები გამოვლენას. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოკლულია დენის კირეევი, რომელიც გომელში რუსეთთან მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე უკრაინის დელეგაციის წევრი იყო.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კირეევი უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა მოკლეს, როდესაც მის დაკავებას ცდილობდნენ. წყაროები არ აკონკრეტებენ, რა ვითარებაში და ვისი მხრიდან მოხდა მისი ლიკვიდაცია. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და ღალატში დასდო ბრალი, თუმცა, ოფიციალური განცხადება ამ თემაზე არ გაკეთებულა.
რუსები მეათე დღეა საარტილერიო, სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ უკრაინის თითქმის ყველა დიდ ქალაქში. ოკუპანტების თავდასხმები ახლაც გრძელდება ახტირკაში და კიევთან ახლოს მდებარე ბელიცერკავში, სადაც დაშავებულების რაოდენობას ამ დრომდე აზუსტებენ. ლუგანსკის ოლქში კი რუსული არმიის ნაწილებმა ცეცხლი საავადმყოფოს გაუხსნეს, იბომბება ქალაქი სუმიც.