უკრაინის სხვადასხვა კლინიკაში ბევრი ქართველი ექიმი მუშაობს, ერთ-ერთი მიშა ბერიძეა. ქართველი ქირურგი ომის დაწყების დღიდან გულსისხლძარღვთა ქირურგიის ნაციონალურ ინსტიტუტში სხვა ექიმებთან ერთად დაჭრილების გადასარჩენად იბრძვის.
ქართველი ექიმი "კურიერთან" კლინიკაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.
"საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ, შექმნილია ჯგუფები, რომლებიც მორიგეობით ვენაცვლებით ერთმანეთს და ვუწევთ დახმარებას, როგორც დაჭრილებს, ასევე ჩვენს პროფილურ პაციენტებსაც.
დაუჯერებელია, რაც აქ ხდება ყველა ზღვარს სცდება. ჩვენც თავდაცვის მიზნით გაძლიერებული გვაქვს უსაფრთხოება. საჰაერო განგაშის დროს ჩვენ ჩავდივართ ბუნკერებში იმ პაციენტებთან ერთად, რომელთა ჩაყვანაც შეიძლება. ხოლო ექიმები, რომლებიც ვართ ოპერაციებზე, რა თქმა უნდა, ჩასვლას ვერ ვახერხებთ.
პაციენტი ძალიან ბევრია, მაგრამ რამდენიმე საათით მომიწია ქალაქში გასვლა და დამხვდა სხვა ქალაქი. იყო ბარიკადები, რიგები მაღაზიებთან, ჯიხურებთან, აფთიაქებთან. ადგილი, სადაც მე ვცხოვრობ, ქალაქის შემოსასვლელშია და იქ გამუდმებით ისმის ჭურვებისა და სროლების ხმა," - განაცხადა ქართველმა ექიმმა "კურიერის" სპეციალურ გამოშვებაში.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე არსებულ სიტუაციას კლინიკა უმკლავდება და საკმარისი რაოდენობაა სამედიცინო პერსონალის.
"ჩვენი კლინიკა საკუთარი რესურსებით უმკლავდება. არის საკმარისი რაოდენობა სამედიცინო პერსონალის, ჯერჯერობით დამატება არ მომხდარა.
ძალიან ბევრი მსურველია ადგილობრივ მოსახლეობაში სისხლის დონაციისა, შესაბამისად, ჩვენ სისხლის ნაკლებობა ჯერჯერობით არ გვაქვს," - აღნიშნა მიშა ბერიძემ.