20 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
გაძვირდა ყველაფერი, ტანსაცმლის გარდა - საქსტატის ინფორმაციით, სამოსის ფასი 1.6%-ით შემცირდა

ინფლაცია და ფასები კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება. საქსტატის მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 13.7% შეადგინა. იანვართან შედარებით კი თებერვალში ფასები 0.9%-ით გაიზარდა.

გაძვირებულია ყველა სამომხმარებლო საქონელი, ერთის გარდა - წინა წელთან შედარებით 1.6%-ითაა გაიაფებული ტანსაცმელი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი ყველაზე დიდი გავლენა ტრადიციულად სურსათის გაძვირებულმა ფასებმა მოახდინა. 

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები წლიურად 17.3 პროცენტით გაიზარდა.
ფასები მომატებულია: ზეთსა და ცხიმზე (17.4 %), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (34.0 %), პურსა და პურპროდუქტებზე (20.8 %), გაძვირებულია შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.6 %), თევზეული (18.2 %), რძე, ყველი და კვერცხი (14.4 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (23.4 %), ხილი და ყურძენი (15.5 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.0 %), ფასები გაზრდილია ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე (10.4 %);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.5%-ით, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში - 45.8 პროცენტით.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციამ კლება მარტიდან უნდა დაიწყოს, თუმცა, უკრაინაში ომამდე გაკეთებული პროგნოზი, სავარაუდოდ, გადაიხედება. ომის გამო ფასების მატებას პროგნოზირებენ იმპორტიორები. თუმცა, ამბობენ, რომ საქართველოს სასურსათო პროდუქტებით მომარაგებაში პრობლემა არ არის. 

უფრო პესიმისტური განწყობაა მეხორბლეებში. მათი ნაწილი ომის გამო რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის შეფერხებებზე და საქართველოში ხორბლის მარაგის კრიტიკულ მოცულობაზე საუბრობს. იმპორტიორები მარაგების შესავსებად სახელმწიფოს მხრიდან ელოდებიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. მთავრობა კი აცხადებს, რომ მარაგის პრობლემა არ არსებობს და ხორბლის და ფქვილის იმპორტიც შეუფერხებლად ხორციელდება.

კიდევ ერთი საკითხი, რაც დიდი ხანია აწუხებს ხორბლის იმპორტიორებს წისქვილკომბინატების დახურვა და ადგილზე წარმოებული ფქვილის იმპორტირებულით ჩანაცვლებაა. მიზეზი რუსეთის მიერ დაწესებული ახალი ტარიფები იყო, რამაც იმპორტიორებისთვის ხორბალი გააძვირა. გაძვირებული ხორბალი კი ფასებს შორის სხვაობის გამო იმპორტირებულმა ფქვილმა ჩაანაცვლა. მეხორბლეებმა დასახმარებლად სახელმწიფოს რამდენიმე თვის წინ მიმართეს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რამდენიმე ვერსია განიხილება, მათ შორის ხორბლის იმპორტიორებისა და ადგილობრივი წისქვილკომბინატების სუბსიდირებაცაა. საბოლოო გადაწყვეტილება მხარეებმა შეთანხმებით უნდა მიიღონ.

დღის ამბები