20 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
მთავრობისა და მოქალაქეების ამოცანა უნდა იყოს, რომ ბომბები არ მოვიხვედროთ - ლაშა პაპაშვილი

"ჩვენ ყველას უნდა გავუფრთხილდეთ”, - ამბობს კომპანია “რედიქსის” დამფუძნებელი. BMG-სთან ინტერვიუში ლაშა პაპაშვილმა საქართველოს სამიგრაციო პოლიტიკაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანამ რეგიონის ქვეყნების მცხოვრებლები უნდა მიიღოს, განურჩევლად ეროვნებისა - იქნება ეს რუსი, უკრაინელი თუ ბელარუსი.

ამასთან, ბიზნესმენი ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ ყველას უნდა გავუფრთხილდეთ; ეს არის თვითონ უკრაინელი, ბელარუსი და რუსი... შეიძლება ხვალ გადაედოს და სხვაგანაც დაიწყოს არეულობა. იქ მოლდოვა არის რიგში, არ ვიცი რა მოხდება... ამ ხალხს დაპურება უნდა, ამიტომ ყველა მიზეზის გარეშე, სტაბილურობა გვჭირდება.

შესაძლებელია, არ მოხდეს ეკონომიკის ვარდნა და პირიქით, აღმავლობა იყოს. ეს ყველაფერზე და ყველაზე არის დამოკიდებული, თითოეული ჩვენი მოქალაქე რა პასუხისმგებლობით მოქმედებს.

უნდა შევძლოთ, რომ სხვასაც დავეხმაროთ და ჩვენი ქვეყანაც არ გავანადგუროთ, ჩვენ არავინ გვედავება ჩვენ სახნავ-სათესებს და უნდა ვხნათ და ვთესოთ აუცილებლად.

ჩვენი ქვეყნის ბედი გეოპოლიტიკურად და ასევე ზომიდან გამომდინარე, ყოველთვის იყო დიდ მეზობლებზე დამოკიდებული. იგივეა პატარა ერის ბედი; ამ წუთას ვინ არიან დომინანტები მსოფლიოში - ევროკავშირი, ამერიკა და რუსეთი. ხელისუფლების და ყოველი მოქალაქის ამოცანა უნდა იყოს, რომ ბომბები არ მოვიხვედროთ. ეს ევალება ამ ქვეყნის ხელისუფალს, პირველ რიგში, და თითოეულ მოქალაქეს", - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

გუშინ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში რუსეთის 20-25 ათასი მოქალაქე შემოვიდა.

დღის ამბები