რატომ გაუფასურდა ლარი - ამას უკრაინის ომის ფონზე ნეგატიურ მოლოდინებსა და ქვეყანაში არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობას უკავშირებენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში.
მინისტრების თქმით, ამ დროისთვის, ქვეყნის საექსპორტო მაჩვენებელი 40 პროცენტზე მეტით არის გაზრდილი, პოზიტიური ტენდენციით ხასიათდება ტურიზმისა და საერთაშორისო გადმორიცხვებისაგან მიღებული შემოსავლებიც.
აქედან გამომდინარე, აღმასრულებელი ხელისუფლება ლარის სტაბილურ ნიშნულზე დაბრუნებას მოკლევადიან პერსპექტივაში ვარაუდობს.
"ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ დავინახეთ საკმაო აჟიოტაჟი ლარის კურსთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ეს პირდაპირ უკავშირდება მათ შორის ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს. რეალური წინაპირობები ლარის გაუფასურების ამ მომენტისთვის ნამდვილად არ არსებობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს წლის დასაწყისიდან ეკონომიკური ზრდის, ექსპორტის ზრდის, სავალუტო გადმორიცხვების თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ ლარის გაუფასურებას არ უნდა ველოდეთ.
ამავე დროს, ჩვენ გაგვაჩნია საკმაო სავალუტო რეზერვები იმისთვის, რომ კურსის გარკვეული სტაბილიზაცია მოვახდინოთ, ხოლო გრძელვადიან პერიოდში ჩვენ გვექნება გარკვეული მაკომპენსირებელი ღონისძიებები,“ - აცხადებს ლევან დავითაშვილი.
1 დოლარის ღირებულება 3 ლარი და 39 თეთრია.