ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა ქადაგებისას რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა.
როგორც მეუფე დიმიტრიმ ქადაგებისას აღნიშნა, რომ მან რუსეთში მღვდელმთავრებს გაუგზავნა შეტყობინება, სადაც, მისი თქმით, მათ მოუწოდა, სცადონ და შეაჩერონ ის ბოროტება, რაც რუსეთისგან და მისი პრეზიდენტისგან, ვლადიმერ პუტინისგან მოდის.
"ყველა თვალს ვადევნებთ, რა ხდება ჩვენს სამეზობლოში. შეძრწუნებული ვართ იმ ბოროტებით, რაც ხდება უკრაინაში და თანავუგრძნობ ამ მეტად მედგარ, მტკიცე ნებისყოფის ხალხს. ღმერთმა მისცეს მათ სიმხნევე და სიმტკიცე.
გამოჩნდა ერთი ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება და თავის თავს ის მიიჩნევს ქრისტიანად. მე ვიტყოდი, რომ მას ქრისტიანულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვს.
როცა ის გარკვეული სიამოვნებით მთელ მსოფლიოს უცხადებს და ეუბნება, რომ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, თუ ბირთვულ იარაღს გამოვიყენებო, იმას არაფერი აქვს ქრისტიანობასთან საერთო, რადგან ის ემუქრება ჩვენს ქვეყანას, ის ემუქრება შენს ქვეყანას, ის ემუქრება ჩვენს შვილებს, თქვენს შვილებს და კაცობრიობას, თავისთავად.
ჩვენ ვხედავთ, როგორ ნადგურდება და ინგრევა ყველაფერი, იხოცებიან ქალები, ბავშვები და კაცები… ზოგიერთ ჩემს თანაკურსელს რუსეთში გავუგზავნე ასეთი შეტყობინება, მღვდელმთავრებს, რომ თქვენ უნდა შეაჩეროთ ეს ბოროტმოქმედი და ამხილოთ, რადგან ის დაბომბავს რუსეთს. უკიდურეს შემთხვევაში, მე თქვენთან გამიჭირდება ურთიერთობა. სამწუხაროდ, არანაირი პასუხი მათგან არ არის.
მე მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა უკრაინაში მეგობრებთან, ახლობლებთან და თვალცრემლიანი ვემშვიდობებით ერთმანეთს. განადგურებულია ზოგიერთი ეპარქია და ძალიან გულნატკენი არიან რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ეპარქიები, რადგან მათმა პატრიარქმა გაამართლა ბოროტმოქმედება და უწოდა რუსეთის ინტერესების დაცვა,"-აღნიშნა მიტროპოლიტმა.