სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის გიორგი საბედაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია "დოჟდის" 10-მდე ჟურნალისტი საქართველოში იმყოფება. მანვე "კურიერის" ეთერში განმარტა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ეთქვას საქართველოს საზღვრის გადმოკვეთაზე უარი რუსეთის მოქალაქეს, მათ შორის რატომ არ მიეცა ქვეყანაში შემოსვლის უფლება ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ მიხაელ ფიშმანი.
"კონკრეტული ადამიანების საზღვარზე დაშვება არ დაშვების საკითხს მე ვერ განვიხილავ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ეხება სახელმწიფოსა და კონკრეტული პირის ურთიერთობას. რაც შეეხება ტელეკომპანია "დოჟდს" ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ კონკრეტული პირების და ორგანიზაციების სახელი არ დავასახელოთ. არ არსებობს რაიმე კომპანია თუ ის არ არის დაკავშირებული კრიმინალთან ან ტერორიზმთან, რომელსაც საქართველოში შემოსვლა ეკრძალება და ამის ნათელი დადასტურებაა, რომ "დოჟდის" ათამდე ჟურნალისტი და მენეჯმენტის წამყვანი პირები საქართველოში იმყოფებიან და ახლაც არიან. აქედან გამომდინარე იმაზე საუბარი, რომ ტელეკომპანია "დოჟდის" ჟურნალისტებს საქართველოში შემოსვლის საშუალება არ ეძლევათ გადაჭარბებული ნათქვამია. ზოგადად ბოლო დროს ხშირად ვისმენთ გადაჭარბებულ ბრალდებას მათ შორის უსაფრთხოების სისტემის მიმართ. აქ საუბარია არაკომპეტენტურობაზე და მიზანმიმართულ ქმედებებზე, რომელიც ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე უქმნის.
პირველ რიგში, როდესაც საუბარია დივერსანტებზე და რაღაც ჯგუფებზე, რომელსაც სახელმწიფო უწყებები ვერ აკონტროლებენ. აქ მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ კონკრეტული ადამიანის შეხედულება საკითხზე და რეალურ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და როდესაც ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა მეტი წინდახედულობა გვმართებს,"- აცხადებს გიორგი საბედაშვილი.