უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ვითარება ჩერნობილის დაკონსერვებულ ატომურ სადგურზე საფრთხის შემცველია, რადგან ის ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და გენერატორზე მუშაობს.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკის თქმით კი, ჩერნობილში ხვალ სადგურს ელექტროენერგია აღარ ექნება.
"გენერატორის მუშაობის ვადა 48 საათით განისაზღვრება. ანუ გამოდის, რომ ხვალ სადგურს ელექტროენერგია აღარ ექნება და იქმნება გაჟონვის რეალური საფრთხე," - განმარტავს მიხაილ პოდოლიაკი.
უკრაინაში ვითარება ისევ დაძაბულია. რუსი ოკუპანტები მთელი ღამის განმბვლობაში განაგრძობდნენ შეტევას, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი ქალაქი აღებული არ არის.
მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 1 ბავშვი. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს 6 მიმართულებით ჰუმანიტარული დერეფანი უნდა გაიხსნას.
უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერუშკი ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე საუბრობს და უკრაინელებს ულოცავს.
"ძვირფასო უკრაინელებო, გილოცავთ. მინდა გაცნობოთ, რომ ვხსნით ახალ ჰუმანიტარულ დერეფნებს შემდეგი მარშრუტებით: ტროსტიანეციდან, კრასნოპოლიედან და სუმიდან პოლტავას მიმართულებით; მარიუპოლიდან ზაპოროჟიეს მიმართულებით; ვოლნოვახადან პოკროვსკის მიმართულებით; ირპინიდან და გოსტომელიდან კიევის მიმართულებით. რაც შეეხება ჩერნობილის ატომურელექტროსადგურს მას არ მიეწოდება ელექტროენერგია და ეს ტერიტორია კვლავ დაკავებულია რუსების მიერ,"- აცხადებს ვერუშკი.