20 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
5 საათიანი მსჯელობა ვერსალში, რომელიც 5 პუნქტიანი განცხადებით დასრულდა - როგორია ევროკავშირის პოზიცია და რა კითხვარს მიიღებს საქართველო

შეკრება ვერსალში 5 საათიანი მსჯელობით დაიწყო და 5 პუნქტიანი განცხადებით დასრულდა ცენტრალური საკითხით - ომი უკრაინაში. თუმცა, ევროპული ოჯახის წევრობაზე განაცხადის შეტანიდან 1 კვირის თავზე ლიდერების პოზიციაში 2 მნიშვნელოვანი პუნქტიც გამოჩნდა, რომელიც "ასოცირებული ტრიოს" მომავალს ეხება.

ახლა კიევი, თბილისი და კიშინიოვი ბრიუსელიდან ვრცელ კითხვარს მიიღებენ, რომელიც ევროკომისიას იმის დასკვნის საშუალებას მისცემს - აკმაყოფილებენ თუ არა ქვეყნები კანდიდატობისთვის საჭირო კრიტერიუმებს. ეს დასკვნა ბოლოს ევროკავშირის საბჭოში დაბრუნდება, სადაც გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე მიიღებენ.

ოფიციალური თბილისში ევროპელების პოზიციასთან გაცნობის შემდეგ ასკვნიან, რომ უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან მიმართებით პროცედურები სავარაუდოდ ერთნაირი იქნება. მეტიც, საგარეო უწყებაში გადაწყვეტილებებსაც ერთდროულად ელიან. პასუხი რომ დადებითი იყოს, ოპოზიციისთვის საკვანძოდ მნიშვნელოვანია რეფორმების ამბიციური დღის წესრიგი, რომელსაც ისინი მეტწილად შარლ მიშელის შეთანხმების ჭრილში განიხილავენ.

მმართველ გუნდში აზუსტებენ, რომ ქვეყნისთვის ახლა სახელმძღვანელო დოკუმენტი "ასოცირების ხელშეკრულებაა" და არა "19 აპრილის შეთანხმება", რადგან სწორედ ის მოიცავს ყოვლისმომცველ რეფორმებს, მათ შორის იმათ, რომლებიც მიშელის დოკუმენტშიც გაიწერა. ის, რომ 2024 წლის ნაცვლად, პროცესებმა თბილისი 2022 წელს მიიყვანა განაცხადის გაკეთებამდე, უკვე გამარჯვებაა პარლამენტის თავმჯდომარისთვის.

საფრანგეთში მიღებული გადაწყვეტილება დღეს რესპუბლიკის ელჩისა და პრემიერ-მინისტრის განხილვის საკითხიც გახდა. საფრანგეთის, როგორც ევროპელი სკეპტიკოსის მხარდაჭერა ასოცირებული ქვეყნებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნებოდა, თუმცა მიიღებს თუ არა მას გაწევრიანების რიგში მყოფი 3 სახელმწიფო, ამას პროცესები გამოაჩენს.

დღის ამბები