ნახევარ თვეზე მეტია უკრაინაში ომია. ომი, რომელმაც რუსეთი დეფოლტის ზღვარზე მიიყვანა და გიგანტი ბრენდები პუტინის ქვეყნიდან გააქცია და ომი, რომელმაც გლობალური მიწოდების ჯაჭვში, როგორც რისკმა, კოვიდპანდემია ჩაანაცვლა. აღარ სვამენ კითხვას დაიწყება თუ არა სასურსათო კრიზისი, სამწუხაროდ, ეს გარდაუვალია, კითხვა ისმის ასე, რამდენად დიდი და მასშტაბური იქნება ეს კრიზისი, რომელიც დაარტყამს მარაგებსაც და ფასებსაც.
პესიმისტური მოლოდინის მიზეზი ისაა, რომ რუსეთი და უკრაინა მსოფლიოს მასშტაბით სოფლის მეურნეობისა და სურსათის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლები არიან. ხორბლისა და ქერის გლობალური ექსპორტის ერთი მესამედი სწორედ ამ ორ ქვეყანაზე მოდის.
უკრაინა ასევე ერთ-ერთი ლიდერია სიმინდის და მზესუმზირის ზეთის ექსპორტში. რუსეთი კი სასუქისა და სასუქის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის ექსპორტში. მსოფლიოში კი ყოველი მეორე მოქალაქე საკვებს, სწორედ სასუქის მეშვეობით იღებს. როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, თუ მიწოდების პროცესი შეფერხდება, მოსავლიანობა 50 %-ით შემცირდება.
ამას ემატება ისიც, რომ დეფიციტის რისკის შესამცირებლად, რუსეთიც და უკრაინაც ზღუდავს პროდუქტების საცალო ვაჭრობასაც და ექსპორტსაც. მაგალითად, კრემლმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში მარცვლეულის ექსპორტი აკრძალა. აკრძალვა დროებითია და მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე იმოქმედებს.
რა ხდება საქართველოში - გასულ კვირას დახლებიდან გაქრა შაქარი და მარილი. დეფიციტის მოლოდინმა პროდუქტებზე მოთხოვნა გაზარდა. ხალხმა პანიკურად დაიწყო იმაზე მეტის შეძენა, რაც სჭირდება, გაჩნდა კითხვა - ემუქრება თუ არა საფრთხე ჩვენს მარაგებს? - საკითხზე არაერთი განმარტება გაკეთდა - მთავარი გზავნილი რაც ეკონომიკური გუნდისგან და იმპორტიორებისგან გაისმა და თან მტკიცებით ფორმაში არის ის, რომ "საქართველოს საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტი არ აქვს, შეფერხება არ არის არც მარაგებში და არც მიწოდების პროცესში და ქვეყანას არც პროდუქტების ამოწურვის საფრთხე ემუქრება." ხელოვნური დეფიციტის რისკების გამოსარიცხად სოფლის მეორნეობის სამინისტრომ ქვეყანაში არსებული მარაგების აღრიცხვაც დაიწყო.
გაძვირდება თუ არა პური? - კითხვა კიდევ უფრო მეტად აქტუალური რუსეთ-უკრაინის ომმა გახადა. საომარი მოქმედებების დაწყებამდე, საქართველო ხორბლის 90%-ზე მეტს სწორედ რუსეთიდან ყიდულობდა. ახლა გლობალური მიწოდება შეფერხებულია. დღის წესრიგში დადგა ბაზრების დივერსიფიცირების საკითხი. ალტერნატიულ ბაზრებად ხორბლის სეგმენტში ყაზახეთი, უნგრეთი, რუმინეთი და აშშ განიხილება. ახალი ბაზრები, როგორც ხორბლის იმპორტიორები ამბობენ, ახალ და გაცილებით უფრო მაღალ ფასსაც გულისხმობს, ვიდრე ეს რუსული ხორბლის შემთხვევაში იყო. პური რომ არ გაუძვირდეს მოსახლეობას, სახელმწიფო ერთ-ერთ მექანიზმად ხორბლის სუბსიდირებასაც არ გამორიცხავს, თუმცა ეს გადაწყვეტილი არ არის. შესაბამისი უწყებები, როგორც თავად განმარტავენ ჯერ პროცესებს აკვირდებიან.
ხორბალთან ერთად, ომმა, დღის წესრიგში, სხვა პროდუქტების ბაზრების დივერსიფიცირების საკითხიც გაააქტიურა. თემის მნიშვნელობას ადასტურებს ეკონომიკური გუნდი.