საქართველოს წითელმა ჯვარმა 40 ტონა ჰუმანიტარული დახმარების პირველი ტვირთი დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად უკრაინაში გაუშვა. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შეიმუშავა მთელი რიგი აქტივობები გადაუდებელი რეაგირებისთვის.
საქართველოს წითელი ჯვარი აქტიურად მუშაობს აგრეთვე ბიზნეს სექტორთან როგორც თანხის შემოწირულობის, ასევე ჰუმანიტარული პროდუქტების მიღების მიზნით.
საქართველოს წითელ ჯვარს მუდმივი კონტაქტი აქვს უკრაინის წითელ ჯვართან და შესაბამისად, ინფორმირებულია მათი საჭიროებების შესახებ. აქედან გამომდინარე, შემუშავებულია პროდუქტების და პირველადი საჭიროების სხვა ნივთების ჩამონათვალი, რომლის უკრაინაში გაგზავნას უზრუნველყოფს საქართველოს წითელი ჯვარი.
ჰუმანიტარული დახმარება კვლავ გაიგზავნება უკრაინაში დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად.
საქართველოს წითელი ჯვარი მადლობას უხდის ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს და თითოეულ თანამოქალაქეს სოლიდარობისთვის და მხარდაჭერისთვის.