"დელტაკრონის" ახალი შტამზე, რომელიც შეერთებული შტატების შემდეგ, საფრანგეთში და დიდ ბრიტანეთში გამოჩნდა, ჯერჯერობით ცნობები მცირეა.
უცნობია, რას იწვევს, როგორ ვრცელდება, რამდენად საშიშია და რა უნდა ვიცოდეთ, რადგან კვლევის ეტაპი ახლა მიმდინარეობს. იმ ადამიანთა რიცხვი კი, რომელთაც ახალი შტამი დაუდასტურდათ, საკმაოდ მცირეა. ქართველი სპეციალისტები ამბობენ, რომ არც ერთი ქვეყანა არ მიუთითებს მათ სწრაფად გავრცელებას:
"მიუხედავად იმისა, რომ ამ ვარიანტების აღმოჩენა მსოფლიოს 5 ქვეყანაში მოხდა, არც ერთი ქვეყანა არ მიუთითებს მათ სწრაფად გავრცელებას. მიმდინარეობის განსაკუთრებულ სიმძიმესთან დაკავშირებით არ არსებობს და ახლა, ალბათ ის პერიოდია, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ, გვაქვს თუ არა მომდევნო თვეები გარანტირებული იმისაგან, რომ არ გამოჩნდება ახალი მუტაცია, ან არ გვექნება ინფიცირების სტაბილურად მაღალი შემთხვევები. დღევანდელ მონაცემებს თუ შევხედავთ, 1500 შემთხვევა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ნამდვილად არ არის დაბალი მაჩვენებელი,"- აცხადებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კი, ახალი შტამის გამოჩენის პარალელურად, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და საზოგადოებას მოუწოდებს, დაიწყონ თანაცხოვრება ვირუსთან ერთად, რადგან სხვა გზა არ არსებობს.
"ევოლუციის დაუწერელი კანონია, ყოველთვის არსებობს და იარსებებს შანსი, გაჩნდეს ახალი ვარიანტი. ეს ბუნებრივია პროცესია, რომელიც ახასიათებს ნებისმიერ ვირუსს, განსაკუთრებით კი, კორონავირუსს. ერთი რამ ცალსახაა, რომ ვაქცინაცია არ კარგავს მნიშვნელობას. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულამდე, მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის აცრა მიღწეული იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ევროპის ქვეყნები მიუხედავად მზარდი რიცხვებისა, არ ღელავენ ამ ტალღების შესაძლო პოზიტიური შემთხვევების მომატებაზე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დიდი ალბათობით ნას არ მიყვება ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელი. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიწყოთ თანაცხოვრება ვირუსთან და მის ვარიანტებთან ერთად, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს,"- აღნიშნავს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.