ომის სამი კვირა უკრაინაში - რამდენიმე დიდ ქალაქში განგაშის სიგნალია. ღამე ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა კიევის გარეუბნებში, ასევე, ხარკოვში. დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონში დაბომბვის შედეგად 12-სართულიანი შენობა ჩამოინგრა.
თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო ობიექტებია, რკინიგზის სადგური დაიბომბა ზაპოროჟიეში. შედარებით სიმშვიდეა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. ლვოვში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა განგაშის სიგნალი, თუმცა დარტყმები არ განხორციელებულა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი აცხადებს, რომ რუსმა ძალებმა გემებიდან ღამით იერიში მიიტანეს ოდესის რეგიონზე. ინფორმაცია ვრცელდება რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკში 4 ადგილობრივის მოკვლის შესახებ. გერმანული ტელეკომპანია კი აქვეყნებს დრონით გადაღებულ ვიდეოს, სადაც ჩანს როგორ ესვრიან რუსი ჯარისკაცები სამოქალაქო პირს, რომელიც კიევის დატოვებას ცდილობდა - მას ხელები მაღლა ჰქონდა აწეული.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის წარმომადგენელი ამბობს, რომ საოკუპაციო ძალები აგრძელებენ სარაკეტო იერიშებს უკრაინის ქალაქების ინფრასტრუქტურასა და მჭიდროდ დასახლებულ რაიონებზე.
"თავდაცვის ძალების მოქმედების მდგომარეობა, პოზიცია და ხასიათი ბოლო დღის განმავლობაში არსებითად არ შეცვლილა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს და დამანგრეველი დარტყმა მიაყენეს საოკუპაციო ჯარების ჯგუფებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ცხრა საჰაერო დარტყმა განხორციელდა ტექნიკის კოლონებზე და საოკუპაციო ჯარების კლასტერებზე. საოკუპაციო ძალები აგრძელებენ სარაკეტო იერიშებს უკრაინის ქალაქების ინფრასტრუქტურასა და მჭიდროდ დასახლებულ რაიონებზე. გარკვეულ რაიონებში მტერი დანაკარგებს იღებს უკან დახევისას." - ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის წარმომადგენელი.
ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ადრე ოკუპირებული საზღვრებისა და თავდაცვითი ტერიტორიების კონსოლიდაციასა და შენარჩუნებაზე," – ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის წარმომადგენელი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, იგორ კონაშენკოვი ამბობს, რომ დარტყმებს სამხედრო ობიექტებზე ახორციელებენ.
"ტაქტიკურმა ოპერატიულმა არმიის ავიაციამ საბრძოლო თვითმფრინავებთან ერთად დაარტყა 136 უკრაინულ სამხედრო ობიექტს, მათ შორის შვიდ სარდლობის ცენტრს და საკომუნიკაციო კვანძს, ოთხ საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემას, სამ მრავალჯერად სარაკეტო სისტემას. მათი მიზანი იყო ოთხი სარადარო სადგურიც. სამიზნეები განადგურდა მაღალი სიზუსტის საბრძოლო იარაღის პირდაპირი დარტყმით." - განაცხადა იგორ კონაშენკოვი.