20 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორს, ევგენი ჟუკოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის დაფინანსებით და მხარდაჭერით ხორციელდება, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებისა და მუნიციპალური განვითარების სფეროში.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია. ADB-ის მიერ დაფინანსებული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული პროექტების ჯამური ღირებულება 3 მილიარდ 861 მილიონ ლარზე მეტია.

აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს საავტომობილო გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის შემადგენელი რიკოთის უღელტეხილის ხევი-უბისას და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთების, ბათუმის შემოვლითი მაგისტრალური გზის, ქვეშეთი-კობის გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის, წნორის შემოვლითი გზის, ფოთის ხიდის და მისასვლელი გზის მშენებლობა.

დიდია ბანკის მხარდაჭერა ქვეყანაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციაში. მათ შორისაა, თელავის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების კომპანიის ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამა.

ADB-ის მხარდაჭერით შენდება ქუთაისის ოლიმპიური აუზი, ზუგდიდის, რუსთავისა და ახალციხის სპორტული კომპლექსები. მიმდინარეობს 20 საბავშვო ბაღის მშენებლობა ქუთაისში, ფოთში, სენაკში, სუფსაში, რუხში, ძველ ანაგაში, ვარდისუბანში, წინწყაროში და სხვა სოფლებსა თუ ქალაქებში. ახლახან კი, დაიწყო კახეთში, ველისციხის სრული ურბანული განახლების პროექტის განხორციელება.

დღის ამბები