პრემიერ-მინისტრი ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ყველა მუსლიმს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს, ასევე მადლობას უხდის მათ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მარნეულში იმყოფებოდა.
"მე მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, ყველა მუსლიმს, მივულოცო გულითადად დღევანდელი დღე, ნოვრუზ ბაირამი. ეს არის ახალი სიცოცხლის, განახლების დღე და მინდა ყველას მივულოცო ეს დღესასწაული. მინდა მათ ოჯახებს ვუსურვო ჯანმრთელობა, ბაქარა, მშვიდობა და კეთილდღეობა.
ჩვენთვის მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ყოველთვის ერთად ვქმნიდით და ვქმნით ჩვენი ქვეყნის საერთო ისტორიას. ამიტომ, ჩვენი მთავრობის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ეთნიკურ აზერბაიჯანელს და თითოეულ მუსლიმს მათ მიერ, ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბაირამობის ღონისძიებას პრემიერთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდა. შალვა პაპუაშვილმა ყველას მიულოცა დღევანდელი დღე და აღნიშნა, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად თოვლის მოსვლაც სიმბოლურია.
საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები დღეს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. ნოვრუზი ახალ დღეს ნიშნავს და გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასწაულია.ეს დღე წლებია, განსაკუთრებულად აღინიშნება მარნეულში.