არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესწავლის მიზნით, ცესკო იმიტირებულ კენჭისყრას ატარებს. იმიტირებული არჩევნები ბათუმის ორ საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს.
კენჭისყრა ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ელექტრონულად დათვლის საშუალებების გამოყენებით მიმდინარეობს. პროცესს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი დაესწრო. 2 აპრილს ბათუმში, საკრებულოს შუალედური არჩევნებია ჩანიშნული.
"ვაგრძელებთ იმ ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას, რასაც ჰქვია მეტი ელექტრონული სერვისები და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება საარჩევნო პროცესებში. ჩვენთან ერთად მონაწილეობენ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მათთან ერთად ვნახოთ ის სიკეთეები, ის დადებითი მხარეები, თუ მათ შორის რისკები და საფრთხეები, რომელიც ამ ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას არჩევნებში შეიძლება ჰქონდეს," - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.