უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომრებს სამშობლოში პატივით დახვდნენ. დავით რატიანი და გიორგი ბერიაშვილი თბილისში გამთენიისას ჩამოასვენეს. აეროპორტში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტიც.
მებრძოლები ოკუპანტების მიერ ჩამოგდებულ რაკეტას ირპენში ემსხვერპლნენ. ცხედრებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. შესაბამისი თხოვნით დაღუპულთა ოჯახის წევრებმა ვეტერანთა დეპარტამენტს მიმართეს, თავდაცვის სამინისტრომ კი ვეტერანთა დეპარტამენტის თხოვნა დააკმაყოფილა. ჯერჯერობით ვერ ხერხდება კიდევ ერთი დაღუპული ქართველი მებრძოლის, ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება. პროცედურა მარიუპოლის ალყის გამო გართულდა.
მადლობის ნიშნად უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს გამთენიისას თბილისის აეროპორტში პატივით დახვდნენ. საქართველოსა და უკრაინის დროშები, სანთლები, მადლიერების ნიშნად მუხლმოდრეკილი ადამიანების დერეფანი. ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, მოქალაქეებთან ერთად, გარდაცვლილ მებრძოლებს პატივი პრეზიდენტმაც მიაგო.
საპატიო ყარაული დგას ტაძართან, სადაც გიორგი ბერიაშვილის ცხედარია დასვენებული. უკრაინაში დაღუპულ მეომრებს შაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. საოკუპაციო ძალების მხრიდან საჰაერო დაბომბვების დროს, ირპენში გარდაცვლილები ლვოვიდან პოლონეთის გავლით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ჩამოასვენეს.