20 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
ჯო ბაიდენის მკაცრი გზავნილი რუსეთის მიმართ - ამერიკის პრეზიდენტის განცხადება, რომელსაც დამატებითი განმარტებები დასჭირდა

ვარშავაში საკუთარი მიმართვა ამერიკის პრეზიდენტმა პირველი პოლონელი რომის პაპის, იოანე პავლე მეორეს ფრაზით დაიწყო. "ჩვენ არ ვართ შეშინებულები" - ამ სიტყვების ციტირებით, ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო ერთიანობას გაუსვა ხაზი. ჯო ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე პროცესები დაგმო და რუსეთი მკაცრად გააფრთხილა.

აშშ-ს არ აქვს რუსეთში რეჟიმის შეცვლის სტრატეგია - ასე განმარტა მოგვიანებით პრეზიდენტის განცხადება ამერიკის-ს სახელმწიფო მდივანმა. ბაიდენმა თქვა - არ შეიძლება ვლადიმერ პუტინმა ძალაუფლება შეინარჩუნოს, ეს კი სახელმწიფო მდივნის შეფასებით, მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - რუსეთის პრეზიდენტს არ უნდა მიეცეს უფლება ომი აწარმოოს უკრაინის ან სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ. ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში იმყოფებოდა.

რამდენად საკმარისია ის დახმარება, რომელსაც უკრაინა პარტნიორებისგან იღებს? ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ არა. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს აკრიტიკებს და საომარი მოქმედებების შესაჩერებლად უფრო მეტ დახმარებას ითხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციის მიუხედავად, უკრაინის მეგობრებს რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანება და სანქციების დაწესება, ომის შეჩერების წინაპირობად მიაჩნიათ. თეთრი სახლის ლიდერი დარწმუნებულია, რომ პუტინი დემოკრატიას ვერ დაამარცხებს.

აშშ უკრაინისთვის ფინანსურ მხარდაჭერასაც განაგრძობს. სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს. ამ თანხით უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო შეძლებს უზრუნველყოს საზღვრის უსაფრთხოება, შეინარჩუნოს სამოქალაქო სამართალდამცავი ფუნქციები და დაიცვას კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამთავრობო ინფრასტრუქტურა.

 
დღის ამბები