გლობალური შიმშილი - საერთაშორისო საზოგადოება ღიად საუბრობს, რომ რუსული აგრესიის შედეგები მთელ მსოფლიოზე დრამატულად აისახება. გაერო სურსათზე ფასების რეკორდულ გაზრდას პროგნოზირებს. უკვე გაძვირებულია საკვები, ენერგორესურსები, ნედლეული და სასუქი. ანალიტიკოსების შეფასებით, თუ უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება, შესაძლოა არაერთი ქვეყანა მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდეს.
გაერო და მისი უმსხვილესი მსოფლიო სასურსათო პროგრამა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან აფრთხილებს საერთაშორისო თანამეგობრობას იმ უმძიმეს შედეგზე, რომელიც რუსეთის აგრესიას მოჰყვება. მშვიდობიან მოსახლეობაში მასშტაბური მსხვერპლის და უკრაინული ქალაქების განადგურების გარდა, მსოფლიოში სურსათის ფასების კატასტროფული ზრდა და მრავალი ქვეყნის დაუცველ მოსახლეობაში შიმშილია მოსალოდნელი. გაეროს გენერალურმა მდივანმა და დასავლელმა დიპლომატებმა, ამ საფრთხის შესახებ გაეროს ტრიბუნიდან უკვე არაერთხელ განაცხადეს.
პანდემიის, გვალვის და სხვა ფაქტორების დამსახურებით, მსოფლიოში შიმშილის პრობლემა ისედაც გამწვავებული იყო. უკრაინაში რუსეთის შეჭრა ამ რთულ ვითარებას დაემატა. უკრაინაც და რუსეთიც მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორების ხუთეულში არიან.
ამ ქვეყნებიდან იმპორტირებულ მარცვლეულზე ათეულობით სახელმწიფოა დამოკიდებული. მათ შორის ლიბანი და ეგვიპტე. უკრაინაში ომმა მათი გამოკვებისთვის აუცილებელი პროდუქტის გატანა შეაჩერა. ომის დაწყების შემდეგ, ხორბლის ფასი 21%-ით გაიზარდა. გაჩერებულია სიმინდის, ქერის, ზეთის და სასუქის გატანა. რომში ბაზირებულმა სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ დღეს მსოფლიო მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ კიდევ ერთხელ გააფრთხილა.
მსოფლიოს უმსხვილეს ექსპორტიორებს შორის არიან შეერთებული შტატები და კანადა. როგორც ვარაუდობენ, ამერიკა მოსალოდნელ კრიზისს შედარებით იოლად მოერევა, თუმცა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, სურსათის გაძვირება მოსალოდნელია.
შეერთებულმა შტატებმა უკვე განიცადა საწვავის ფასის სწრაფი ზრდა, ვიდრე ადმინისტრაცია სტრატეგიული მარაგებიდან 30 მილიონი ბარელის გამოტანას დაიწყებდა. ამერიკელების უმეტესობას მოსალოდნელი კრიზისები კარგად ესმის და ისინი უმნიშვნელოვანესად თვლიან ამ ომში უკრაინის მხარდაჭერას.
"ამერიკული უნივერსიტეტის" პროფესორი, მამუკა წერეთელი, სურსათის ნაკლებობას არ ვარაუდობს, რადგან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სხვა მსხვილი მწარმოებლები, მათ შორის შეერთებული შტატები მზად არიან ბაზრებზე მიწოდება გაზარადონ, თუმცა ეს ფასების მატებაზე მაინც იმოქმედებს.
ექსპერტების ვარაუდით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი უკრაინაში, სურსათთან დაკავშირებული პრობლემა მით უფრო მძიმე იქნება. მდიდარი ქვეყნების მოსახლეობა, რომელსაც საკვებში შემოსავლის დიდი ნაწილი არ ეხარჯება, ამას სასურსათო მაღაზიაში ამობეჭდილ გადახდის ქვითარზე დაინახავს. ღარიბ ქვეყნებში კი, სადაც შემოსავლის უდიდესი ნაწილი კვებაზე მიდის, შესაძლოა სასადილო მაგიდაზე პური აღარ იდოს.