5 წელი შენგენში უვიზო მიმოსვლიდან - სწორედ 2017 წლის 28 მარტიდან ჩადგნენ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნების პასპორტ-კონტროლის უვიზო მიმოსვლის სექციაში. 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის მესაზღვრეებმა ქართული პასპორტი მილიონ ნახევარჯერ გაატარეს. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისა და უვიზო რეჟიმის მიღების შემდეგ, ქვეყნის ევროინტეგრაციის დღის წესრიგში ახლა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დგას.
თამარ მუმლაძე ერთ-ერთი პირველია საქართველოს მოქალაქეებს შორის, რომელმაც საზღვარი შენგენის ზონაში მოსახვედრად, ვიზის გარეშე გადაკვეთა. 2017 წლის 28 მარტს, ის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან შესრულებული ისტორიული რეისის, თბილისი-ათენის მგზავრი იყო. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შემდეგ 5 წელი გავიდა.
ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოსახლეობის მონაპოვარია და ხელისუფლების მხრიდან შენარჩუნება სჭირდება - ოპოზიციის წევრები მმართველ პარტიას ევროპასთან დასაახლოვებლად უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული კურსის აღიარებას ნიშნავდა. დავით ზალკალიანმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა უვიზო მიმოსვლის პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი.
საქართველოს მოქალაქეებისათვის, 5 წლის წინ, ოფიციალურად ამოქმედდა შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ ბიომეტრიული პასპორტის მქონე ყველა პირს შეუძლია უვიზოდ იმოგზაუროს ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ ქვეყანასა და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში. მოკლევადიანი მიმოსვლა გულისხმობს 180 დღის განმავლობაში, მაქსიმალური 90 დღის ვადით სარგებლობას და შენგენის ტერიტორიაზე თავისუფალ გადაადგილებას.