26 მაისი 2024,   21:43
ვრცლად
თუ მისი უფლებამოსილება და კომპეტენცია ზუსტად აქვს გააზრებული ადმინისტრაციასაც და პრეზიდენტსაც მაშინ რას ნერვიულობენ - მდინარაძე ელჩების საქმეზე 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მთავრობის მიერ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასანიშნად წარდგენილ ყველა კანდიდატურას.

"ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ "გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა", სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" ადმინისტრაციისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, დანიშვნასთან დაკავშირებული რამდენი განაცხადი შევიდა მთავრობის მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და რამდენი დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ თემაზე შეფასება გააკეთა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, თუ პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას უფლებამოსილებები ზუსტად აქვთ გააზრებული მაშინ სანერვიულოც არაფერი ყოფილა. 

"თუ მისი უფლებამოსილება და კომპეტენცია ზუსტად აქვს გააზრებული ადმინისტრაციასაც და პრეზიდენტსაც მაშინ რას ნერვიულობენ, მაშინ თქვან ასე, კიდევ ერთხელ განმარტავს საკონსულტაციო სასამართლო უფლებამოსილების ფარგლებს. რაშია მაშინ პრობლემა?! მაშინ პრობლემაც არაფერში ყოფილა, მაგრამ ასე, რომ არ არის, ამიტომ იქმნება პრობლემა.

კონკრეტულ არც ერთ ელჩს უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაყენებ და სახელს და გარს, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ. არ არის ეთიკური, ჩამოვდგეთ სახლებით და გვარებით მივუთითოთ ვისზე იყო წინააღმდეგი და ვისზე იყო თანახმა. ამასთან დაკავშირებით იმართება კონსულტაციები და არ ვაპირებთ ამის საჯაროდ გამოფენას. ეს პრობლემა, რომ არ ყოფილიყო აუტკივარ თავს არავინ აიტკივებდა და ამ სპეკულაციებსაც ავირიდებდით,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები