ხარკოვის ერთ-ერთი მეტროსადგური ათასობით ხარკოველისთვის ახლა უკვე სახლად იქცა. ისინი მიწისქვეშ ერთი თვეა ცხოვრობენ. ზემოთ ასვლა სარისკოა, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი აქტიურად იბომბება.
აქ ძველი ცხოვრებიდან ცოტ-ცოტა ყველაფრის პოვნა შეიძლება: წიგნების, ბავშვის სათამაშოების, სახატავი რვეულებისა და კედლებზე ფერად წარწერებიანი ფრაზების "ჩვენ გვიყვარს უკრაინა". მათ გასაქცევი არსად აქვთ. ერთადერთი, რაც დარჩათ, ლოცვა და ოცნებაა.
ტიმოფეი 6 წლისაა. სათამაშო იარაღით ხელში, კიევის მეტროსადგურს და ოჯახს, 1 თვეა იცავს. მასთან ერთად მეტროსადგურში კიდევ 300 ბავშვია. მათი სურვილები ერთმანეთს ემთხვევა - ომის მალე დასრულება და თამაში არა მიწისქვეშ, არამედ ზემოთ, იქ სადაც სათამაშო მოედნებია.
მოქალაქეები ამბობენ, რომ რაც უფრო ღრმად ჩავლენ მიწისქვეშა ქალაქად ქცეულ მეტროსადგურებში, მით უფრო უსაფრთხოდ იქნებიან. ეშინიათ, მაგრამ ღიმილს და ხალისს არ კარგავენ. არ კარგავენ იმედსაც, რომ ჩვეულ მშვიდობიან ცხოვრებას მიწისზედა ქალაქში მალე დაუბრუნდებიან.
ავტორი: ნათია ჩეხერია