"თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?" - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმზე გამოტანილ ამ შეკითხვას პასუხი - "დიახ", ამომრჩეველთა 98 პროცენტმა გასცა. რეფერენდუმი, რომელიც 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა, საქართველოს მოქალაქეებისთვის იყო შესაძლებლობა, რომ მათ საბჭოთა მემკვიდრეობაზე ეთქვათ უარი, წართმეული დამოუკიდებელობა დაებრუნებინათ და დემოკრატიული სახელმწიფოს შენება გაეგრძელებინათ.
შედეგების გასაჯაროებამდე, ისტორიული მოვლენის შესახებ ყოველდღიურად იწერებოდა ბეჭდურ მედიაში. რუსული მედია კი იუწყებოდა, რომ რეფერენდუმის დადებითი შედეგები ტყუილის დღედ აღიარებულ 1 აპრილს გახდა ცნობილი და სიმართლეს არ შეესაბამებოდა, თუმცა საბჭოთა იმპერიალისტური პროპაგანდით ნასაზრდოები ახალი ამბების სიცრუე, 9 აპრილს გამოაშკარავდა, როცა 3 მილიონზე მეტი ამომრჩევლის გადაწყვეტილების თანახმად, 70 წლიანი საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლების შესახებ, უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენა მიულოცა.
გამოსვლის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის პირველ მუხლში ჩაიწერა: "საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით".
თუმცა, ზვიად გამსახურდიამ ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ხმამაღლა საუბარი რეფერენდუმის ჩატარებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო, მაშინ, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
ქვეყნის პირველი პირი, რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ მალევე გახდა, თუმცა პრეზიდენტის სტატუსამდე იყო დაპატიმრებების სერია და მუდმივი დაპირისპირება საბჭოთა რეჟიმთან. პირველი შემთხვევა 1956 წელს უკავშირდება, როცა მეგობრებთან ერთად თბილისის ქუჩებში საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრა. დისიდენტური საქმიანობისათვის დააკავეს 1977 წელსაც. ეროვნულ - გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი 80-იან წლებში გამართული თითქმის ყველა აქციის მოთავე იყო, მათ შორის 9 აპრილისაც.
ზვიად გამსახურდია თანამოაზრეებთან ერთად თავისუფლების იდეისთვის იმ აგრესორის წინაშე იბრძოდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მცოცავი ოკუპაციის ავტორია და რომელიც უკრაინაში უკვე ერთ თვეზე მეტია ყოველდღიურად კლავს ბავშვებს და მშვიდობიან მოქალაქეებს.