"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი 2"-ის წილის დაბრუნებასთან დაკავშირებით სასამარლოში სარჩელის შეტანას სპეციალური განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ირაკლი ოქრუაშვილის მტაცებელი, ქოფაკი ქიბარ ხალვაში რომ სხვას რამის მიტაცებაზე ედავება უკვე ძალიან სასაცილოა და ცინიკური მე ვიტყოდი.
მეორე, სამართლებრივად რაიმეს მიღწევა „რუსთავი 2“-ის დღევანდელი მფლობელების წინააღმდეგ შეუძლებელია, ამისი შანსი არის ნულოვანი, რადგან ისინი არიან კეთილსინდისიერი შემძენები.
მაქსიმუმი რასაც ქიბარ ხალვაშმა შეიძლება მიაღწიოს ეს არის კომპენსაცია, რომელიც უნდა გადაუხადოს მას სახელმწიფომ ან იმ პირმა, ვინც მას რამე წაართვა, რაშიც ძალიან ღრმად შემაქვს ეჭვი, როგორც მოგახსენეთ პირველ პუნქტში იმის გამო.
ძალიან საინტერესოა როგორ მოიქცევა სასამართლო, მე იმედი მაქვს, რომ ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი ხელისუფლების თანამონაწილეობას ის არ განიზრახავს და არ წაუცდება ხელი უკანონო გადაწყვეტილებებისკენ იმიტომ, რომ მეგობრებო, ყველა მინდა გაგაფრთხილოთ, ეს არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი დემოკრატიული ინსტიტუტი, ყველაზე მსხვილი დამოუკიდებელი მედია, „რუსთავი 2“ და მისი ხელყოფა ესე მარტივი ამბავი არ არის და ესე უშედეგოდაც არ დამთავრდება თუ ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ. ეს სასამართლოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გასაგონადაც მინდოდა მეთქვა.
საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ეს არ არის ქიბარ ხალვაშის თამაში, თავისთავად ცხადია ეს არის ხელისუფლების თამაში, რომელიც ნამდვილად შეპყრობილია ბოლო პერიოდში ტოტალიტარული შიზოფრენიით, ბოლო წერტილი უკვე იყო ეს მრავალათასიანი კონცერტები, რომელიც სრულიად გაუგებრად ხელისუფლებისთვის აღმოჩნდა ისტერიის გამომწვევი, „რუსთავი 2“-ს შეუტიეს ყველა მხრიდან, არსაიდან არაფერი არ გამოვიდა და ბოლო კოზირი, ბრჭყალებში როგორც ჩანს არის ქიბარ ხალვაში, როგორც სხვა მხარეებიდან არ გამოვიდა, ისე ამ მხარეებიდან არ გამოვა, „რუსთავი 2“ იდგება მყარად საკუთარი ინტერესების და ქართული დემოკრატიის დასაცავად, მაღლა მზე იქნება და ეს ასე იქნება აუცილებლად და ხელისუფლება ამ მორიგი შემოტევით როგორც წინა „რუსთავი 2“-ზე შემოტევებით კიდევ უფრო გაიმდიდრებს საკუთარი წარუმატებლობების ბიოგრაფიას. ეს იქნება ახალი და უნიკალური ფურცელი ხელისუფლების წარუმატებლობების ბიოგრაფიაში.
ქიბარ ხალვაში არ არის პირველი ვინც ხელისუფლების მხრიდან „რუსთავი 2“-ის მიმართ ზეწოლას აწარმოებს. თუ აქამდე საზოგადოებამ არ იცოდა მე შემიძლია დღესვე გითხრათ, „რუსთავი 2“-ის მეწილე 9%-ში არის გარდაცვლილი გოგი გეგეშიძე, რომლის ცოლი, მისი მემკვიდრე არის მთლიანად ანგაჟირებული ხელისუფლების მიერ. მისი წარმომადგენელი დღეს რეალურად არის ე.წ. საზოგადოებისთვის სამწუხაროდ ცნობილი ყბადაღებული „რიჟა“, რომელიც იღებს მონაწილეობას „რუსთავი 2“-ის ბორდის სხდომებში და ბლოკავს ყველანაირ წილის გასხვისებას და ამით ეწინააღმდეგება კომპანიის ეკონომიკურ განვითარებას, ამიტომ ხელისუფლებამ და ქიბარ ხალვაშმა ძალიან კარგად იციან, რომ რომც გვინდოდეს ამ წილების გასხვისება ეს თეორიულად შეუძლებელია იმიტომ, რომ ვეტოს უფლება აქვს მათსავე წარმომადგენელ „რიჟას“, მე მისი სახელი და გვარიც არ მახსოვს, ამიტომ ეს არის მოგონილი და თითიდან გამოწოვილი მიზეზი, მიზანი არის აბსოლუტურად განსხვავებული, ეს არის ბოლო შეტევა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ბოლო ზაფხული როდესაც დიპლომატების აქ არყოფნის პერიოდში შესაძლებელია რამე გამოტყუონ სასამართლოს და საზოგადოების ყურადღებაც მოადუნონ იმიტომ, რომ შემდეგი წელი არის საარჩევნო წელი და ეს უბრალოდ თეორიულად შესაძლებელი იქნება, მაგრამ მე მათ ვპირდები „რუსთავი 2“-ის ყველა მაყურებელთან ერთად, მარტო მე არა, „რუსთავი 2“-ის ყველა თანამშრომელი და ყველა მაყურებელი მათ ჰპირდება-მაღლა მზე იქნება და „რუსთავი 2“ იქნება იქ სადაც არის, არაფერი მეგობრებო არ გამოვა აქედან,"-აცხადებს ნიკა გვარამია.