ეს იქნება ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომი - ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავი 2-ის დაბრუნებისთვის დაწყებული სასამართლო დავის შესახებ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ქიბარ ხალვაშის უკან ხელისუფლება დგას.
"ჩვენ ამას გავასაჩივრებთ და ეს იქნება ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომი, მაგრამ არა მხოლოდ სამართლებრივი - სხვა მეთოდებიც გვაქვს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ იმიტომ, რომ ეს არაა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში მიმდინარე დავა - მოდავე მხარის ინიციატივით. მოდავე მხარე არაა მხოლოდ ქიბარ ხალვაში და მოდავე მხარე არის ხელისუფლება," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით სასამართლო ხელისუფლებას მოუწოდებს ხელი არ მოაწერონ უკანონო გადაწყვეტილებებს.
"რუსთავის 2 საქმე არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საქმე ქართული დემოკრატიისათვის, ამიტომ ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც ხელს მოაწერს უკანონო გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე, მოაწერს საკუთარ პროფესიულ სიკვდილზე ხელს." - აცხადებს გვარამია.