20 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
რუსთავი 2 ხელისუფლებასთან ბრძოლის ისტორია

ხელისუფლების ბრძოლის ისტორია, რუსთავი 2–ის წინააღმდეგ, სათავეს დაახლოებით ტელეკომპანიის დაარსებიდან იღებს. ტელეარხის მუშაობამ პირველად დისკომფორტი შევარდნაძის ხელისუფლებას 1995 წელს შეუქმნა.

რუსთავი 2-ზე გასული - მთავრობისთვის არასასურველი რეალობა, შევარდნაძის და მისი გუნდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რასაც არხისთვის ლიცენზიის შეჩერება მოყვა.

ერთწლიანი ბრძოლა, რუსთავი 2–ის გამარჯვებით დასრულდა. თუმცა გახსნიდან დაახლოებით ერთ თვეში, ტელევიზია ისევ ძველი მოტივით დახურეს. საბოლოო გამარჯვება სამართლებრივ ომში, რუსთავი 2–მა 1997 წელს მოიპოვა.

2001 წლის ნოემბერში რუსთავი 2–ის ოფისში უშიშროების თანამშრომლები შევიდნენ. რასაც ფართომასშტაბიანი პროტესტი და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, სახალხო მღელვარება მოყვა. რუსთავი 2-ის დასჯის ნაცვლად, ხელისუფლებამ პოლიტიკური კრიზისი მიიღო.

შევარდნაძის ხელისუფლების ისტორია 2003 წელს ვარდების რევოლუციით დასრულდა.

2006 წელს ხელისუფლებიდან ზეწოლის მოტივით, არხი დატოვა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა. გენერალური დირექტორის, ნიკა ტაბატაძის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ კი რუსთავი 2 არხის სახეების ერთმა ნაწილმა დატოვა.

ახალი ხელისუფლების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდე არ მალავდა, რომ ყველაზე მეტად რუსთავი 2 არ უყვარს. 2012 წლის 19 დეკემბერს არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დააკავეს. 2013 წლის ივლისში კი ტელევიზიაში სათვალთვალო აპარატურა აღმოაჩინეს.

მოგვიანებით ხელისუფლებამ სარეკლამო კანონის ისეთი ვარიანტი მიიღო, რომელიც მათი გათვლებით რუსთავი 2–ს მნიშვნელოვან ფინანსურ დარტყმას მიაყენებდა.

ზუსტად 20 წლის წინ, ხელისუფლების მიერ დაწყებული ბრძოლა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, 20 წლის შემდეგაც გრძელდება. 2 ათეული წლის განმავლობაში დაგროვილი საარქივო მონაცემებით, ამ მრავალრიცხოვან ბრძოლებში რუსთავი 2–ის ანგარიშზე არც ერთი წაგება არ არის.

 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი

 
დღის ამბები