სამართლებრივი დავა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა მედიასაშუალებისთვის ყადაღის დადების მოთხოვნით დაიწყო. 5 აგვისტოდან, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაყადაღებულია რუსთავი 2-ის 100 პროცენტიანი წილი.
ორი დღის დაგვიანებით ჩაბარებული მოსამართლის განჩინების გაცნობის შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო, მედიასაშუალება მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგება.
ქიბარ ხალვაშის მიერ 2006 წელს გასხვისებული წილის დაბრუნების მოთხოვნით დაწყებულ სამართლებრივ დავას უსაფუძვლოდ აფასებს რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა. ნიკა გვარამია ბიზნესმენის გადაწყვეტილების მთავარ მოტივად ტელეკომპანიის მიმართ ხელისუფლების ინტერესს ასახელებს.
საქმეში მთავრობის ინტერესს გამორიცხავს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი.
ბიზნესმენი სამართლებრივ დავას დღემდე მისი ადვოკატების საშუალებით აწარმოებს. ღიად საუბრისგან თავს იკავებს მისი და, ქობულეთის მაჟორიტარი ფატი ხალვაშიც.
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორს საქმის მასალები ჯერ არ ჩაბარებია. საქალაქო სასამართლოს მიერ დადებულ ყადაღას კომპანია ორშაბათს გაასაჩივრებს.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე