სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, მედიაზე თავდასხმა, რუსთავი 2-ის გაჩუმების მცდელობა, კარგად ორგანიზებული იერიში - ქართული მედიის წარმომადგენლები რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აფასებენ და ამბობენ, რომ პროცესი მთავრობას დააზიანებს.
„ხელისუფლების მთავარი პრეტენზიის საბაბი ყოველთვის არის რუსთავი 2 და მათთვის ყველაზე დიდ დისკომფორტს ქმნის რუსთავი 2. ეს არის ძალიან კარგად დაგეგმილი იერიში ამ ტელევიზიის წინააღმდეგ მისი გაუვნებელყოფისათვის“, - აცხადებს ნინია კაკაბაძე.
ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის თქმით, კი საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ ესმოდა, რომ „ხელისუფლების არაობიექტური კრიტიკა ჯობია ხელისუფლების ობიექტურ ქება-დიდებას. ამიტომ შემდეგ ამაზე იტეხავდნენ ცხვირს. იმედი მაქვს, ეს ხელისფლება ამ შეცდომას არ გაიმეორებს.“
მედია ექსპერტი ია ანთაძე მიმდინარე პროცესისათვის პოლიტიკური სარჩულის ჩამოშორებას წარმოუდგენელს უწოდებს. ზვიად ქორიძე კი ამბობს, რომ საქმე გვაქვს მედიის თავისუფლების შეზღუდვასთან.
„ინტერნიუსი საქართველოს“ ხელმძღვანელი გენადი უჩუმბეგაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ განგებ შეარჩია ამ პროცესისთვის აგვისტოს თვე, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები შვებულებებში არიან და სათანადო რეაქციას ვერ მოახდენენ. აქვე უჩუმბეგაშვილი მიმდინარე პროცესებსა და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას შორის ავლებს პარალელებს.