თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესები შეაფასა და თქვა, რომ საქართველოდან პოლიტიკურად და ეკონომიკურად წამოსული სიახლეები დიდ დარტყმას აყენებს საქართველოს იმიჯს.
ამერიკის შეერთებული შტატებიდან კურიერთან საუბრისას ირაკლი ალასანიამ ხელისუფლების ნაბიჯები მოახლებულ არჩევნებს დაუკავშირა და თქვა, რომ საზოგადოებამ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს ხელი უნდა შეუშალოს.
„როდესაც ხელისუფლებას აქვს უნდობლობა საზოგადოების მიმართ და ეშინია ობიექტურ ფაქტებზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა, მიმართავს ასეთ ნაბიჯებს. ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ამგვარი მეთოდებით მედიის თავისუფლების შეზღუდვა ძალიან რთულად მოუბრუნდება ხელისუფლებას. ჩვენ არ უნდა გავუტაროთ ხელისუფლებას ეს პირველი ნაბიჯი. თუკი საზოგადოებამ წაიყრუა, იქნება შემდგომი ნაბიჯები“, - ამბობს ირაკლი ალასანია.
ირაკლი ალასანიამ ნაციონალური მოძრაობის მიერ ტელეიმედთან დაკავშირებულ პროცესებთან გაავლო პარალელები და თქვა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ „ჭკუა ვერ ისწავლა.“
„ერთ-ერთი მთავრი შეცდომა ნაციონალური ხელისუფლების სწორედ მედიის კონტროლი იყო, და დღესაც ვატყობთ, რომ ხელისუფლება იწყებს, არჩევნები მოახლოებულია და ხდება გატესტვა საზოგადობის, როგორი რეაქცია ექნება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ“, - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.